ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და გალასთან ერთად ვეწვიე. რა თქმა უნდა, შობაზე ვფიქრობდით, მაგრამ ფინური ტური დატვირთული იყო საქმიანი შეხვედრებით და საშობაო საჩუქრებისა და სურვილებისთვის დრო თითქმის არ დაგვრჩა. ვმოგზაურობდით ქალაქიდან ქალაქში, რომ გაგვერკვია, როგორ მუშაობს ეს ქვეყანა და რატომ არიან ფინელები ყველაზე განათლებული და ბედნიერი ერი მსოფლიოში.
სამწუხაროდ, მარტივ რეცეპტს ვერ მივაგენით. პირიქით, კიდევ უფრო მეტი კითხვები და თავსატეხი გაგვიჩნდა.
მასპინძლების გადმოცემით, ფინელების უმეტესობა ოცნებობს შუაგულ ტყეში ან შორეული ტბის ნაპირას განმარტოებით ცხოვრებაზე. მაშ როგორღა მოახერხეს ფინელებმა სოციალურ სოლიდარობასა და ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული ერთობის ჩამოყალიბება, სადაც საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის სხვაობა მინიმუმამდეა დაყვანილი? ან როგორ შეძლეს საზოგადოების ყველაზე სუსტი წევრების (მიგრანტების ჩათვლით) ინტეგრაცია?
დეკემბრის ბოლოს ფინეთი საკმაოდ სუსხიანი და მოქუფრულია. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სიამოვნებით დავთანხმდით საუნის მხურვალე სიცხისთვის მიგვენდო ჩვენი სხეულები და შემდეგ ნასიჯარვის ტბის ყინულიან წყალი გამოგვეცადა. ამ გამოცდილებით დიდად ნასიამოვნები მოგვიანებით ექტრემალების პატარა ჯგუფს შევუერთდით, რომლებიც საუნის გარეთ შიშვლები ისხდნენ და ადგილზე მოხარშულ ლუდს წრუპავდნენ. მაღალი გადასახადის გამო ახლომდებარე სუპერმარკეტში ერთი ბოთლი ლუდი ოთხი ევრო ღირს. მაგრამ ჩვენს განწყობაზე არ იმოქმედა არც ლუდის ფასმა და არც დეკემბრის სუსხმა და სიბნელემ. მშვენივრად ვგრძობდით თავს ჩვენც და ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებიც.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასების მიხედვით, ფინეთის სასკოლო სისტემა ნომერ პირველია მსოფლიოში, ხოლო უმაღლესი განათლებისა და ტრენინგის სისტემა მეორე ადგილზეა სინგაპურის შემდეგ. საერთაშორისო სტუდენტების შეფასების პროგრამის (პისა) ბოლო შეფასებაში (2015 წლის) კი ფინეთი მესამე ადგილს იკავებს მეცნიერების კუთხით. მიუხედავად ამისა, ტამპერსა და თურქუს სკოლები, რომლებსაც ჩვენ ვესტუმრეთ, თბილისის კერძო სკოლების სტანდარტებთან შედარებით შთამბეჭდავად სულაც არ გამოიყურება. ეს საჯარო ინსტიტუტებია (ფინეთში მოგებაზე ორიენტირებული სკოლები არ არსებობს), რომლის მიზანია განათლების მიცემა და არა პოტენციურ კლიენტებზე შთაბეჭდილების მოხდენა. გარდა ამისა, ფინელ მოსწავლეებს საშუალო დონის ტელეფონები აქვთ და გუნდურ პროექტებში ჩართულობის საშუალო ხარისხის ენთუზიაზმს ავლენენ, მაშინ როცა გუნდური პროექტები სწავლების ფინური მიდგომის მთავარ ღერძს წარმოადგენს. მაშ როგორ ავხნათ, რომ ამ საშუალო დონის სკოლების საშუალო დონის მოსწავლეები საერთაშორისო განათლების ტესტებში უმაღლეს ქულებს იღებენ, შოულობენ სამსახურს (ახალგაზრდა მექანიკოსი ან მზარეული ყოველთვიურად 2-3000 ევროს გამოიმუშავებს) და წარმატებას აღწევენ ინოვაციების და მეწარმეოების მიმართულებით? ფინეთი მეშვიდე ადგილზეა 2018 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის მიხედვით!
ფინელ სანტასთან შეხვედრა
ალბათ არც თუ ისე ბევრი თქვენგანი ყოფილა სანტა კლაუსის სოფელში როვანიემში, რომელიც ლაპლანდიაში მდებარეობს. პირადად მე წარმოდგენა არ მქონდა, რომ სანტა ირმებით გადაზიდვის გლობალურ სერვისს არქტიკული წრის იქით მდებარე სწორედ ამ ნაკლებად ცნობილი ადგილიდან მართავს. საბედნიეროდ შორს, როვანიემში ჩასვლა არ დამჭირდა, რომ ნამდვილ სანტა კლაუსს შევხვედროდი.
მიუხედავად იმისა, რომ სანტად 15 წელია მუშაობს, მას სინამდვილეში არა წმინდა ნიკოლოზი, არამედ კიმო ქვია, კიმო კუმპულაინენი. თავიდან ეჭვათაც კი არ გამივლია თავში, რომ სანტა იყო. მაგრამ ჩვენი მოგზაურობის ბოლო დღეს ყველაფერი შეიცვალა: ტემპერიდან ტურქუში გავემგზავრეთ. კიმო საჭესთან იჯდა, მე გვერდით და უამრავ კითხვას ვუსვამდი და კომპიუტერში შენიშვნებს ვიწერდი.
კიმო სანტად არ დაბადებულა და ვერც კი წარმოედგინა, რომ სანტა გახდებოდა. ის ტემპერის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში მეწარმეობას სწავლობდა. მიყვება, რომ პირველ წელს იმედები გაუცრუვდა: უტარდებოდა ტრადიციული ლექციები, რაც მის მოლოდინს და სურვილს სრულიად ეწინააღმდეგებოდა. კიმომ რამდენიმე პროექტი მოამზადა კრედიტების ასაღებად, მაგრამ არცერთი იყო ნამდვილი პროექტი. შემდეგ რამდენიმე კომპანიას ესტუმრა, შეასრულა უამრავი ბუღალტრული სავარჯიშო - რაც სულაც არ ეპიტნავებოდა. კმაყოფილი არცერთი შესრულებული სამუშაოთი არ იყო. ვერ გრძნობდა, რომ ეს მისი საქმეა. კარგი შეფასება ქონდა, მაგრამ მოტივაცია - არა.
ერთწლიანი სწავლის შემდეგ შემთხვევით ერთ სარეკლამო განცხადებას წააწყდა, რომელიც ახალი სასწავლო პროგრამის შესახებ იუწყებოდა: „თავს ისე გრძნობ, თითქოს თავზე მჭიდრო სარტყელი გიჭერს? გინდა შეიძინო გამოცდილება, რომელიც თავს დაკარგვინებს?“
კიმოს უნდოდა თავის დაკარგვა. პროგრამაზე განაცხადი შეიტანა 200 სხვა აპლიანტთან ერთად. მხოლოდ 15 აარჩიეს, მათ შორის კიმო და მისი მომავალი მეუღლე ტარუ. 1999 წელი იყო. პირველი ჯგუფის წევრები იყვნენ, რომელიც წარმოადგენდა საგანმანათლებლო ექსპერიმენტს სახელწოდებით „პრო აკადემია“ („პროაკატემია“ ფინურად).
კიმოს შესამჩნევი აღტაცება ეტყობა „პრო აკადემიის“ კონცეფცის ახსნისას. საბედნიეროდ, მანქანას ისევ მშვიდად მართავს. „პროგრამის მთავარი აზრი მდგომარეობს პრინციპში : სწავლა კეთებასთან ერთად“, - აგრძელებს ის. „პროგრამა მოიცავდა ხუთ დიდ თემატიკას ან უნარს: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბუღალტერია, მარკეტინგი, მენეჯმენტი და გუნდური მუშაობა. ჩვენ არ გვქონდა ფიქსირებული გრაფიკი, არც კურსები და არც მასწავლებლები. კრედიტის მოპოვების სამი გზა არსებობდა. პირველი: უნდა წაგვეკითხა წიგნები და დაგვეწერა „რეფლექსიური ესე“, სადაც წაკითხულის გააზრებას ვახდენდით. იყო პატარა წიგნები, რომელიც ერთი ქულას მოგიტანდა და სქელტანიანი, რომელიც სამი ქულით ფასდებოდა. კვირაში ორჯერ ვიკრიბებოდით თხუმეტივე სტუდენტი და ვსხდებოდით წრეზე. სტუდენტი წიგნიდან რომელიმე თემას წამოწევდა და სხვები კომენტარს ვაკეთებდით.“
კურსის დასასრულს საბოლოო შემაჯამებელი პროექტი უნდა მოემზადებინათ. „პატარა სამი ან ოთხი სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფებად დავიყავით, 24 საათი გვქონდა რომელიმე არსებულ კომპანიას რეალური პრობლემის გადასაჭრელად დავხმარებოდით. შეგვეძლო ნებისმიერი რამ გაგვეკეთებინა - დაგვერეკა კომპანიის პერსონალისთვის, ექსპერტებისთვის, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის - მაგრამ მომდევნო დღის დილის 9 საათზე კლიენტისთის პრობლემის გადაწყვეტის ვერსია უნდა წარგვედგინა. ჩვენ გვაფასებდნენ სხვა სტუდენტები, კლიენტები და მასწავლებლები.“
პროგრამის მთავარი არსი იყო კომპანიის ერთობლივად დაარსების და მართვის გამოცდილება მიეცა სტუდენტებისთვის, კოოპერატივის მსგავსი, სადაც სტუდენტები აქციონერების როლში იყვნენ. ისინი მხოლოდ 19 წლისანი იყვნენ და ეს პროგრამა ახლის სწავლის უზარმაზარ შესაძლებლობას აძლევდა: სახელის მოფიქრება და ბრენდინგი, ფასწარმოება და მარკეტინგი, კლიენტებთან ურთიერთობა და ეფექტურ გუნდად ჩამოყალიბება. მათი საწყისი ინვესტიცია „ვაილდ ვიჟენში“ („ვილიოვიზიო“ ფინურად), მოკრძალებული იყო - თითოეულმა მხოლოდ 20 ევრო ჩადო. მათი პირველი პროექტი პატარა უნდა ყოფილიყო და მოგება სწრაფად მოეტანა. დაიწყეს ღონისძიებების ორგანიზებით და თავისივე უნივერსიტეტში საშობაო წვეულება გამართეს. შემდეგ უფრო ამბიციურ პროექტებზე გადავიდნენ: ვებსაიტების გაყიდვა, მარკეტინგული გეგმების ჩამოყალიბება პატარა და შემდეგ ბირჟაზე განთავსებული კომპანიებისთვის, ღონისძიების გამართვა, რომელსაც 20,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
„საბოლოო ჯამში თითოეულმა მათგანმა ჩვენი ექსპერტული უნარების ჩამოყალიბება და განვითარება დავიწყეთ. მე კომპანიის პირველ აღმასრულებელ ოფიცრად დამნიშნეს. ალბათ ამიტომაც გადავწვიტე სამაგისტრო თემად გუნდური მუშაობა და ბიზნეს კონტაქტების მენეჯმენტი ამერჩია. დავიწყე კომპანიებთან დაკავშირება, ვთავაზობდი დახმარებას მომწოდებლების ქსელის ოპტიმიზაციის მიზნით. მხოლოდ 22 წლის ვიყავი და დიდმა კომპანიამ ამიყვანა სამუშაოდ, რომელიც თვითმფრინავის ფრთების გამაძლიერებლებს და სხვა ნაწილებს აწარმოებდა. ყოველთვიური ხელფასი 2000 ევრო შემომთავაზეს, რომელიც სტუდენტისთვის სოლიდური ანაზღაურება იყო.
სამაგისტრო თემამ მშვენიერი სამუშაო აშოვნინა კიმოს, მაგრამ სურდა „პრო აკადემიის“ სტუდენტების მიერ შექმნილი მარკეტინგის და სარეკლამო კომპანია კიდევ უფრო წარმატებული გაეხადა. 2002 წლის ივლისში კურსის დასრულებისთანავე კიმოს შესთავაზეს რეკლამის კურსის მასწავლებლობა ტამპერის პროფესიულ კოლეჯში. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებით პირველ ნაბიჯს დგამდა ახალ კარიერაში - სანტას პროფესიაში. კიმოს მეუღლე და მისი ორი კურსელი „ვაილდ ვიჟენში“ კიდევ 12 წელი დარჩა.
სასწაულები ხდება!
„პრო აკადემიის“ გამოცდილებითა და შემდგომი ტრენინგით ინსპირირებულმა (პროფესიული განათლების მასწავლებელი და სკოლის დირექტორი), კიმომ ცადა გვერდი აევლო პროფესიული განათლების არსებული ჩარჩოთი განსაზღვრულ მკაცრი განრიგისა და სასწავლო გეგმებისთვის. გარღვევა 2007 წელს მოხდა, როდესაც მან პარტნიორობა დაიწყო ამერიკაში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ჯუნიორ ეჩივმენთთან“. „ეს იყო ჩემი ხსნა“, - აღნიშნავს კიმო ჩემთან. „ჯუნიორ ეჩივმენთი“ ყველაფერზე შეუთანხმდა ფინეთის მთავრობას, საგადასახადო ადმინისტრაციას, სადაზღვევო კომპანიებს. მათ შექმნეს სისტემა სტუდენტებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევდა შეექმნათ და ემართათ მინი კომპანიები 15 წლის ასაკში (კიმო ამბობს, რომ მინიმალური ასაკი 10 წლამდე შემცირდა ახლანდელ პროგრამაში).
2010 წლისთვის კიმომ თავი დაიმკვიდრა, როგორც „პროფესიული განათლების „ბიზნეს ადმინისტირების კვალიფიკაციის პროგრამის“ საშუალოსზედა საფეხურის მეწარმეობის მასწავლებელმა. ყველა მისი სტუდენტი ახლა უკვე ახალგაზრდა მეწარმეები იყვნენ, პატარა ჯგუფებად დაყოფილნი და მართავდნენ მინი კომპანიებს, ისევე როგორც თვითონ წლების წინ „პრო აკადემიის“ სტუდენტის როლში.
რა საკვირველია, ყველა გუნდი ერთნაირად წარმატებული არ იყო. ხუთი გოგონა, ტიპიური უკანა რიგების მოსწავლეები ინტერესს არ იჩენდნენ და არ იყვნენ ჩართულნი. ერთი ბიზნეს იდეაც კი არ მოსვლიათ თავში.
„ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული უნარი ან ჰობი,“ - განმარტეს მათ.
„კი მაგრამ, რას აკეთებთ შინ უმეტესწილად?“ - ჩაეკითხა კიმო
„ტელევიზორს ვუყურებთ“, - უპასუხეს.
„იქნებ რამე ბიზნეს იდეა მოგეფიქრებინათ, რომელიც ტელევიზორის ყურებას უკავშირდება, რაც ყურებას უფრო კომფორტულს ხდის?“ - არ მოეშვა კიმო.
ამას მოყვა „გონებრივი იერიშის“ სავარჯიშო და მალე იდეაც დაიბადა! რას იტყოდით თბილ საბანზე, როგორც ახალ პროდუქტზე? გვიანი შემოდგომა იყო. „იმ პერიოდში ტექსტილის დიზაინის კურსი გვქონდა პარალელურად და გოგონებმა ისწავლეს როგორ შეექმნათ საკუთარი საბნის დიზაინი.“
მალე მეორე გონებრივი შტურმის სავარჯიშო მოყვა და თავდაპირველი ვერსია კიდე უფრო დაიხვეწა. საბანი ჯიბეებით, რომელიც საშუალებას იძლეოდა ჭიქა ჩაი დაგედგა ან დისტანციური პულტი დაეკავებინა. ახალ პროდუქტს და კომპანიას ეწოდა ფინური სახელი „ჰიჰაპეიტო“ - საკმაოდ ძნელად წარმოსათქმელი სიტყვაა უცხოელებისთვის.
„ჰიჰაპეიტოს“ პირველი პროტოტიპები მალევე გაიყიდა მასწავლებლებსა და სტუდენტებში და გუნდმა დაიწყო მომავალ გეგმებზე ფიქრი. „მარკეტინგის კურსზე სტუდენტებს ვასწავლიდით ფეისბუქ კამპანიების მართვას, ფლაერების წარმოებასა და გავრცელებას“,- მიყვება კიმო. „მეწარმეობის სურვილით აღტკინებულებმა“ აწ უკვე ყოფილმა ბოლო რიგის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს წამყვან რეგიონალურ გაზეთისთვის მიემართათ, რომელიც პროდუქტის მიმოხილვებს აქვეყნებდა. ნახევარმილიონიანი ტირაჟით ნომერ მეორე გაზეთი იყო ფინეთში. პროდუქტის ნიმუში ამანათში ჩადეს და დაურთეს წერილი სიტყვებით: „სიამოვნებით მოგცემთ ინტერვიუს.“
ყველას გასაოცრად გაზეთმა მთელი გვერდი დაუთმო პროდუქტის მიმოხილვას, რომელსაც თან ერთვოდა გაზეთის რედაქტორის ფოტო, რომელიც „ჰიჰაპეიტოს“ საბანში გახვეული ჭიქა გლოგს მიირთმევდა (გლუტვეინის ფინური ვერსია).
შობამდე რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი და გოგონების იმეილზე შეკვეთების ბუმი დაიწყო. მარკეტინგის პრობლემა აღარ ქონდათ. ახლა გამოწვევა იყო, რომ დაემზადებინათ საბნები სწრაფად და ხარისხიანად. პარტნიორი იპოვეს, მაგრამ შეკვეთები არ წყდებოდა და მოუწიათ დამატებით კიდევ ორი სამკვერვალოსთან თანამშრომლობა. ბიზნესი სწრაფად გაიზარდა და გადააჭარბა 8000 ევროიან ლიმიტს - „ჯუნიორ ეჩივმენთის“ სისტემა დღგ გადასახადისგან ათავისუფლებს დამწყებ ბიზნესს. ყველა ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი: დიზაინი, პროდუქციის წარმოება, ბრენდინგი, რეკლამა, კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა და რა თქმა უნდა, გუნდური მუშაობაც.
„საუკეთესო ჯილდო იყოს მათი გაბრწყინებული სახეების დანახვა“, - ამბობს კიმო და ემოციების ტალღა მეც გადმომედო.
ეპილოგი
2007 წლიდან 2015 წლამდე კიმო კუმპულაინენი 3000-ზე მეტ სტუდენტს დაეხმარა მინი კომპანიების დაარსებაში. მას შემდეგ 3 წელი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ კიმომ გადაწყვიტა თავისი ოცნებებისთვის მიეხედა, ტემპერის ქუჩებში ჯერ კიდევ ცნობენ. 2012 წელს ფინეთის ფინანსთა სამინისტროს გამოკითხვის მიხედვით, კიმო წლის მეწარმეობის მასწავლებლად დასახელდა.
„ძალიან ვამაყობ ამ მიღწევით, მაგრამ საუკეთესო ჯილდო ჩემთვის არის ახალგაზრდა მეწარმეების, მათ შორის, უკანა რიგში მსხდომი სტუდენტების, ტრანსფორმაცია, რომლებსაც ძალიან სურთ იკითხონ წიგნები, შეხვდნენ კლიენტებს, შექმნან ვებსაიტები და გააკეთებინონ სხვებს ყველაფერი, რაც გასაკეთებელია. მოკლედ რომ ვთქვათ, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარი ცხოვრების წარმართვაზე. ეს ყველაზე ძვირფასი რამეა.“
კიმოს კომპანია „პოლარული პარტნიორები“ ახლა ქმნის ფინურ კ-12 სკოლებს მსოფლიოს მასშტაბით და ახორციელებს პროექტებს იორდანიაში, ნამიბიაში, პაკისტანში, ინდოეთსა და აშშ-ში. აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფინური სტილის განათლების სისტემის დასანერგად პარტნიორებთან ერთად 18 ქვეყანაში. 2018 წლის შემოდგომაზე, ფინეთის სანტამ და მისმა კომპანიამ მუშაობა დაიწყო პირველ ფინური სკოლის დაარსებაზე საქართველოში. განა რა უნდა იყოს, ამაზე უკეთესი საშობაო საჩუქარი ქართველი ბავშვებისა და მშობლებისთვის?
თბილეკონომიქსი გილოცავთ ყველას შობა ახალ წელს!