განათლება 21 საუკუნეში: მრავლისმომცველი, სიღრმისეული თუ მოქნილი?

განათლება 21 საუკუნეში: მრავლისმომცველი, სიღრმისეული თუ მოქნილი?

რეიტინგი: 5 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურია
 

თანამედროვე საჯარო სკოლა შეიქმნა თითქმის 200 წლის წინ მასობრივი განათლების დანერგვის მიზნით. საჯარო სკოლები ამ მნიშვნელოვან ფუნქციას 21-ე საუკუნეშიც შეინარჩუნებენ. თუმცა, სწავლება საბაზისო არითმეტიკისა და ლიტერატურის ათვისების შემდეგ დიდი ალბათობით გახდება ნაკლებ ფორმალური, უფრო მოქნილი, და უკეთ მორგებული ადამიანების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე. იმედია სკოლა - როგორც კერძო, ისე საჯარო - გახდება ადგილი, სადაც ბავშვები შეიკრიბებიან, გაერთობიან და იმუშავებენ ერთობლივ პროექტებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, სწავლის პროცესი ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება და მისი „კულმინაცია“ აღარ იქნება დიპლომები თუ სერთიფიკატები.

*   *   *

იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად არ ვიცი როგორი იქნება სასკოლო განათლება 20-30 წლის შემდეგ, ამ თემაზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარებული ჩემი ლექცია უნდა ყოფილიყო ორგანიზებული თავისუფალი „სოკრატესეული საუბრების“ სტილში, სადაც მე და სხვა მონაწილეები ვისხდებოდით ნახევარწრეზე ან წრეზე. თუმცა, როდესაც საკლასო ოთახში შევედი, ის ძალიან ტრადიციულად დალაგებული დამხვდა. ჩემს უკან თეთრი დაფა იყო, ხოლო წინ მერხების მოწესრიგებული რიგები. სწორედ ასე გამოიყურებოდა პირველი თანამედროვე ტიპის სკოლა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. და სწორედ ასეთ გარემოში ასწავლის და სწავლობს დღემდე ადამიანთა უმრავლესობა.

თუმცა, ჩვენი სწავლის პროცესის მიმდინარეობა - რაც მოიცავს საკლასო ოთახის არქიტექტურასაც - დამოკიდებული უნდა იყოს იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების სახესთან, რომელთა შეძენასაც ვცდილობთ. მაგალითად, მე-17 საუკუნეში ფერმერობის ან ოსტატობის დაუფლება ძალიან განსხვავდებოდა მე-19 საუკუნის ნაციონალურ სახელმწიფოებში პატრიოტებად თუ ვატის ორთქლის ძრავით ამუშავებულ ქარხანაში კონვეიერის მუშებად წვრთნისაგან. ასე რომ, საკითხავია, თუ რა სახის „საკლასო ოთახის არქიტექტურა“ იქნება ყველაზე შესაფერისი იმ გლობალური სოფლისთვის, რომლადაც მსოფლიო იქცევა 21-ე საუკუნეში?

ცოტაოდენი ისტორია

1689 წელს, როდესაც მოხდა ინგლისის სახელოვანი რევოლუცია და მიიღეს უფლებათა ბილი, ევროპის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ პროფესიონალი ფერმერები და ხელოსნები - მეწაღეები და ხუროები, ქვისმთლელები და ოქრომჭედლები, მხცობელები და ყასბები. პრიმიტული იარაღების მიუხედავად, ისინი საოცრად დახელოვნებულნი იყვნენ თავიანთ საქმეში. ამ ადამიანებს არ უსწავლიათ სკოლებში ან პროფესიულ კოლეჯებში, რადგან იმ დროს ისინი არც არსებობდა. ამის ნაცვლად, მათ გაიარეს ხანგრძლივი შეგირდობის პერიოდი, თინეიჯერობის ასაკიდან დაწყებული, და ეხმარებოდნენ თავიანთ ოსტატებს საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრისა თუ შესაბამისი ხელობის დაუფლების შესაძლებლობის სანაცვლოდ.

1689 წელს სწავლის პროცესი ძირითადად ოსტატის დაკვირვების ქვეშ მუშაობას მოიცავდა. ამ გზით მიღებული ცოდნა და უნარები უნიკალური იყო - და გულისხმობდა სათუთად შენახულ პროფესიულ საიდუმლოებებს, რომლებიც ოსტატთა თაობებს გადაეცემოდა. ეს ცოდნა იყო საოცრად სიღრმისეული, მაგრამ ამავდროულად ძალიან ვიწრო. მე-17 საუკუნის პროფესიონალ მეწაღეს შეეძლო ულამაზესი ჩექმის შეკერვა, მაგრამ თითქმის არ იცოდა ელემენტარული მათემატიკა, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ თუ პოეტურ საკითხებზე გამართულ სოკრატესეულ საუბრებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ცოდნაზე. ზოგადი განათლების, ინტერნეტისა თუ ტელევიზორის გარეშე მე-17 საუკუნის თითქმის არც ერთ მეწაღეს არ ჰქონდა რაიმე წარმოდგენა საკუთარი ქალაქის გარეთ არსებულ სამყაროზე.

ამის საპირისპიროდ, ჩარლი ჩაპლინის პერსონაჟი ფილმში „ახალი დროება“ არ ფლობს არანაირ უნიკალურ უნარს თუ სიღრმისეულ ცოდნას რაიმე საკითხის შესახებ. ის თანამედროვე ქარხნის მუშაა, გაწვრთნილი კონვეიერზე მოძრავი მექანიზმის ნაწილებზე ჭანჭიკების რაც შეიძლება სწრაფად დასახრახნად. იგი თანამედროვე, ადრეული მე-20 საუკუნის ზოგადი განათლების სისტემის ტიპური პროდუქტია, სისტემისა, რომელიც თავად არის ქარხნის მუშებისა და პატრიოტი ჯარისკაცების კონვეიერი.

თანამედროვე სკოლა მე-19 საუკუნის გამოგონებაა, შექმნილი თანამედროვე ქარხნებისა და სანგრების(ასევე მე-19 საუკუნის გამოგონებების) ასამუშავებლად საჭირო უნარების სწრაფად და ეფექტურად სწავლებისთვის. თანამედროვე სკოლები შეიქმნა ძალიან სტანდარტული განათლების მისაცემად, რომელიც იდენტური იყო ყველასთვის: მომავალი მეცნიერისა თუ ხელოვანისთვის, ბიზნეს გენიოსისა თუ მოქნილი მათემატიკური გონებისათვის.

რადგან თანამედროვე ქარხანა არ მოითხოვდა მეტად დახელოვნებულ მუშებს, სკოლები აქცენტს აკეთებდნენ მოსწავლეებისთვის ზედაპირული მაგრამ შედარებით მრავლისმომცველი ცოდნის მიცემაზე სტანდარტულ საგნებში, როგორებიცაა არითმეტიკა, საკუთარი ქვეყნის გეოგრაფია და ისტორია, მშობლიური ენა და ლიტერატურა, ისევე როგორც ლოცვები(მშობლიურ ენაზე!). უფრო მეტიც, ეფექტურად მართვის მიზნით სტუდენტებს აჯგუფებდნენ არა გონებრივი მოწიფულობის, ინტერესის თუ შესაძლებლობის, არამედ ასაკის მიხედვით, და ყველას ასწავლიდნენ ერთი და იმავე ტემპით.

როგორც ფორდის სტანდარტული მოდელი T აღმოჩნდა ტექნოლოგიური გამოსავალი მასობრივი(საშუალო კლასის) გადაადგილებისთვის, იგივენაირად თანამედროვე სკოლა იყო ინსტიტუციური და ტექნოლოგიური გამოსავალი წიგნიერებისა და მათემატიკური აზროვნების მასობრივად დასანერგად. საშუალოდ, სკოლადამთავრებულები ბევრად არ აღემატებოდნენ მე-17 საუკუნის შეგირდებს სოკრატესეულ საუბრებში. თუმცა, მათ შეეძლოთ თვლა და იმ შოვინისტური გაზეთების კითხვა, რომლებიც ასწავლიდნენ ვინ იყო მათი მტერი და რა იყო კარგი სამშობლოსთვის თავგანწირვაში.

განათლების მომავალი

რა სახის უნარები დასჭირდებათ ჩვენს შვილებს 21-ე საუკუნეში და რა გზით შეძლებენ მათ შეძენას? რომელი უფრო მეტ სარგებელს მოუტანს მათ სიღრმისეული და ვიწრო ინდივიდუალური შეგირდობის მოდელის თანამედროვე ვერსია, როგორიცაა შინ სწავლება(homeschooling) ან მისი უფრო რადიკალური , ბავშვზე ორიენტირებული ვერსია „ანსკულინგი“(unschooling)? თუ მუდმივად უნდა ვისწრაფოთ იმ მრავლისმომცველი მაგრამ ზედაპირული ეროვნული სტანდარტების გაუმჯობესებისკენ, რომელთა დაკმაყოფილებაც ჩვენს სკოლებს ევალებათ?

პასუხები ამ კითხვებზე ბუნდოვანია და ასეც უნდა იყოს, შემდეგი სამი მიზეზის გამო.

პირველ რიგში, სწავლების მეთოდები წარსულში სწორხაზოვან მიზანს ემსახურებოდა: მოემზადებინა პროფესიონალი ფერმერები, ოსტატები, ქარხნის მუშები, და პატრიოტი მოქალაქეები. მაგრამ დღეს, ძნელია განვსაზღვროთ როგორ განვითარდება შრომის ბაზარი შემდეგი 12 წლის განმავლობაში, რომ აღარაფერი ვთქვათ შემდეგ 25 წელზე. ჯერ ისიც კი არ ვიცით რომელ ქვეყანაში ცხოვრებას ამჯობინებენ ჩვენი შვილები. და თუ გავითვალისწინებთ ავტომატიზაციასა და კომუნიკაციურ ტექნოლოგიებში მიღწეული წინსვლის შედეგად როგორი სისწრაფით ნადგურდება არსებული სამუშაო ადგილები და იქმნება ახალი, სტუდენტების მომზადება გაურკვეველი პროფესიული მომავლისთვის არც ისე კარგი სწავლების სტრატეგიაა. მომავლისთვის, სადაც მათ მუდმივად მოეთხოვებათ ახალი უნარების შეძენა და ახალ ტექნოლოგიებზე მორგება. ბუნდოვანი მომავლისთვის ადამიანების მოსამზადებლად საჭიროა მათ ვასწავლოთ როგორ აითვისონ ახალი ცოდნა - დამოუკიდებლად და ეფექტურად.

მეორე, მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში განათლების მომავალი ცოტა არ იყოს ბუნდოვანია, ერთი რამ უეჭველია: სკოლის, როგორც ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მთავარი წყაროს მნიშვნელობა დაკნინდება. სტანდარტული კურიკულუმი და საკლასო ოთახები - ფორდის მოდელი T განათლებისთვის - აუცილებლად შეინარჩუნებს თავის როლს უწიგნურობის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, საბაზისო მათემატიკისა და ლიტერატურის ათვისების შემდეგ აქცენტი განათლების სფეროში აუცილებლად გადაინაცვლებს უფრო ინდივიდუალიზებული, სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომებისკენ, რომლებიც შესაძლებლობას მისცემენ ბავშვს აღმოაჩინოს და განავითაროს თავისი უნიკალური ნიჭი, გემოვნება, სოციალური თუ პოლიტიკური ხედვა.

მესამე, და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი, ტექნოლოგია „ანადგურებს“ სწავლის ტრადიციულ გზებს. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე, მე ვაკვირდებოდი ჩემს მეუღლეს ანიას(დოქტორის ხარისხი სამართალში კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტში) როგორ წარმატებულად ეუფლებოდა რამდენიმე საჭირო უნარ-ჩვევას - ვებ-დიზაინითა თუ გრაფიკული დიზაინით დაწყებული და ხის დამუშავებითა თუ ავეჯის დამზადებით დამთავრებული. მან ეს ყველაფერი შეძლო ინტერნეტში უფასოდ ხელმისაწვდომი ინსტრუქციული ვიდეოებისა და მენტორების - 21-ე საუკუნის ოსტატების დახმარებით. იგი საერთოდ არ იყო დაინტერესებული ამ მიმართულებებით რაიმე ფორმალური ხარისხების მიღებით. ამის ნაცვლად, ის ზრუნავდა თავის ონლაინ პორტფოლიოსა და რეპუტაციაზე.

YouTube და Google, ხანის აკადემია, Coursera, EdX და ბევრი სხვა “მასიური ღია ონლაინ კურსების“(MOOCs) მიმწოდებლები ინფორმაციას, სამეცნიერო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ხდიან უფრო ხელმისაწვდომს ვიდრე ოდესმე ყოფილა. საუკეთესო კონტენტამდე - იქნება ეს ხანის აკადემიის მათემატიკა და ეკონომიკა თუ ექიმ ნაჯიბის ანატომიისა და ფიზიოლოგიის ლექციები - მაუსის მხოლოდ ერთი მოძრაობა აშორებს ყველას, ვისაც წვდომა აქვს ინერნეტზე. ჩვენ Google-ში მარტივად შეგვიძლია მოვიძიოთ რეცეპტები და დაავადების სიმპტომები, სტატისტიკური პროცედურები და პროგრამული კოდის სხვადასხვა ნაწილები. რჩევის საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია მივმართოთ საერთო ინტერესით გაერთიანებულ ონლაინ საზოგადოებებს და ფორუმებს. და თითქმის ყველა თემაზე ხელმისაწვდომი ინსტრუქციული ვიდეოების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მთელი ცხოვრების მანძილზე.

გააქრობს თუ არა სკოლის, როგორც კოლექტიური სწავლების მოდელის, საჭიროებას მთლიანად ინდივიდუალიზებული და მენტორული სწავლების მზარდი შესაძლებლობები? სავარაუდოდ, არა. სკოლები ალბათ შეინარჩუნებენ ძირითადი სოციალური უნარების სწავლების ფუნქციას: დისციპლინა, მოთმინების უნარი, გუნდური მუშაობა, „ბრეინსტორმინგი“(იერიში გონებაზე) პრობლემების გადასაჭრელად, ან სოკრატესეულ საუბრებში ჩართვა სხვა სტუდენტებთან ერთად. სკოლებში ხელმისაწვდომი იქნება ლაბორატორიული აღჭურვილობა და ტექნოლოგიები(მაგალითად, რობოტექნიკა და 3D პრინტერი), რომლებიც შესაძლოა ყველას არ ჰქონდეს სახლში. ბოლოს, და ირონიულად, სკოლები შესაძლოა იქცეს ადგილად, სადაც ბავშვები განიტვირთებიან სახლში დამღლელი სასწავლო რეჟიმის შემდეგ, შეხვდებიან სხვა ბავშვებს, გაერთობიან და იმუშავებენ საერთო პროექტებზე.

ეს ყველაფერი კარგად ჟღერს, თუმცა, სამწუხაროდ, იქამდე კიდევ დიდი გზაა.

გამოუვალი მდგომარეობა?

ჩემი უმცროსი შვილები, იანი(14) და კატია(13) სწავლობენ ძალიან კარგ „კავკასიის ფრანგულ სკოლაში“ - კარგად დაფინანსებული და კეთილმოწყობილი ფრანგული საჯარო სკოლა. ძირითადი მათემატიკის, მეცნიერებებისა და ტექნოლოგიის გარდა, იანი და კატია სწავლობენ ფრანგულ ენასა და ლიტერატურას, იმახსოვრებენ საფრანგეთის სამეფო დინასტიებსა და მდინარეებს, და დარწმუნებულები არიან(უნდა იყვნენ), რომ საფრანგეთი მსოფლიო ცივილიზაციის ქვაკუთხედია.

მათი თაობის ბავშვების უმრავლესობის მსგავსად, იანი და კატია არ არიან განსაკუთრებით კმაყოფილნი თავიანთი სასკოლო გამოცდილებით. ჯერ ერთი, მათთვის საშინლად მოსაბეზრებელია საფრანგეთის მდინარეებისა და მეფეების სახელების დამახსოვრება. მათემატიკა და მეცნიერებები, საგნები, რომლებიც მათ აინტერესებთ, ისწავლება იმ სისწრაფით, რომელიც კლასის ყველაზე სუსტ სტუდენტებს შეესაბამებათ. ისინი უკმაყოფილონი არიან სწავლების  განმეორებითი მეთოდით, ისევე როგორც უამრავი მოსაწყენი, განმეორებადი საშინაო დავალების სავარჯიშოთი, რაც მათ ცოტა დროს უტოვებს გიტარისა და პროგრამირებისთვის(კატიას და იანის მისწრაფებები შესაბამისად).

ცუდად არ გამიგოთ. იანი და კატია ჭეშმარიტად პრივილეგირებულნი არიან ისწავლონ ფრანგულ საჯარო სკოლაში. სიტუაცია ბევრად უარესია ბავშვებისთვის საქართველოსა და სომხეთის მსგავსი ქვეყნების საჯარო განათლების სისტემებში. ქართველი და სომეხი ბავშვები იზეპირებენ თავიანთ მდინარეებს, სამეფო დინასტიებს და სწავლობენ თავიანთი ანტიკური ცივილიზაციების მითოლოგიას. თუმცა, ქართული და სომხური სკოლები ვერ დაიკვეხნიან კარგი მასწავლებლებით ან ინფრასტრუქტურით. ფაქტობრივად, ბავშვების უმრავლესობისთვის სკოლაში სიარული დროის არც ისე ჭკვიანური გამოყენებაა.

ხელიდან არ გაუშვა ხელსაყრელი კრიზისი!

ჩიხი, რომელშიც შედის საქართველოს, სომხეთის და სხვა განვითარებადი(და არა მხოლოდ) ქვეყნების საჯარო სკოლების რეფორმები მსოფლიოს გარშემო, სინამდვილეში შესაძლოა შენიღბულად სასიკეთო შესაძლებლობა იყოს. თუ საჯარო სკოლები განაგრძობენ ძირითადი მათემატიკური და ლიტერატურული განათლების მიწოდებას, თავდაპირველი(მრავლისმომცველი მაგრამ ზედაპირული) მე-19 საუკუნის მოდელის მიხედვით, მოთხოვნა შემდეგი საფეხურის განათლებაზე - უფრო სიღრმისეული, ინდივიდუალიზებული და მოქნილი - დაკმაყოფილებული იქნება კერძო სექტორის მიერ ან სხვა გზებით.

სომხეთის TUMO ცენტრი კრეატიული ტექნოლოგიებისთვის ამის შესანიშნავი მაგალითია. 14,000 TUMO-ელი, 12-18 ასაკის, სწავლობს ამჟამად სომხეთში არსებულ TUMO-ს ხუთ ცენტრში. იქ არ არსებობს მისაღები გამოცდები და გადასახადები(TUMO ფინანსდება იმ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მედია კომპანიების მიერ გადახდილი ქირით, რომლებიც მისი შენობების ზედა სართულებს იკავებენ). ლექციების ნაცვლად სტუდენტები მიჰყვებიან ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებულ, ინდივიდუალურად მათზე მორგებულ სასწავლო პროგრამას, სადაც სპეციალური „ვორკშოფებია“ მათთვის, ვინც შეძლებს სასურველი შედეგის მიღწევას. ასაკის მიხედვით დაჯგუფებისა და სტანდარტულ საკლასო ოთახებში ყოფნის ნაცვლად, სტუდენტები მუშაობენ ერთი შეხედვით ქაოსურ, მაგრამ გულდასმით შექმნილ და შთამაგონებელ ღია სივრცეში, სადაც ერთდროულად 600 მოზარდი იმყოფება. ისინი სწავლობენ მათთვის სასურველი ტემპით, ქმნიან ონლაინ პორტფოლიოს და ინვესტიციას დებენ თავიანთ მომავალში.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები განათლებაზე

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018
ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

განათლება 21 საუკუნეში: მრავლისმომცველი, სიღრმისეული თუ მოქნილი?

ორშაბათი, 11 მარტი 2019
განათლება 21 საუკუნეში: მრავლისმომცველი, სიღრმისეული თუ მოქნილი?

თანამედროვე საჯარო სკოლა შეიქმნა თითქმის 200 წლის წინ მასობრივი განათლების დანერგვის მიზნით. საჯარო სკოლები ამ მნიშვნელოვან ფუნქციას 21-ე საუკუნეშიც შეინარჩუნებენ....

ფინური სკოლა საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს!

ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018
ფინური სკოლა საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს!

საქართველოს ეროვნული სასწავლო პროგრამა მნიშვნელოვანწილად ჰგავს შინაარსითა და სულისკვეთებით ფინურ ეკვივალენტს. მხოლოდ ერთი „პატარა“ პრობლემა იჩენს თავს: საქართველოს არ აქვს...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form