ეს რუსეთია, სულელო!

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

2018 წლის მესამე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის სალდომ დადებითი მნიშვნელობა მიიღო. შესაძლოა ეს ფაქტი აღვიქვათ როგორც დასტური იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა ევროპულ ბაზარზე გაუმჯობესებული (საბაჟო გადასახადებისაგან თავისუფალი) წვდომის წყალობით. თუმცა, კარგად თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საქართველო ჯერ კიდევ ვერ ახერხებს თავისი ეკონომიკის დივერსიფიკაციას: ევროპასთან სავაჭრო ბალანსის სალდო უფრო და უფრო ნეგატიური ხდება, ხოლო ევროპაში გატანილი პროდუქტების ნუსხა არ სცდება ისეთ ტრადიციულ ჩამონათვალს, როგორიცაამეტალები, თხილი, მინერალური წყლები და ღვინოუფრო მეტიც, საქართველო მეტად დამოკიდებული რჩება ერთ სექტორზე (ტურიზმი და მომსახურება) და ერთ ქვეყანაზე (რუსეთი).

*     *     *

Galt & Taggart-ის ბოლოდროინდელი “Georgian Weekly Market Watch” შოკისმომგვრელი წითელი სათაურით გამოვიდა: „საქართველომ 1995 წლის შემდეგ პირველად მიაღწია მიმდინარე ანგარიშის დადებით სალდოს“. აღსანიშნავია, რომ სალდო 1995 წლამდეც შორს იყო დადებითი ნიშნულისგან. მანამდე საქართველო უბრალოდ არ აწარმოებდა საგადამხდელო ბალანსის მონაცემების შესაბამის აღრიცხვას.

Galt & Taggart-ის სათაური გულისხმობდა საქართველოს ეკონომიკის მიღწევას 2018 წლის მესამე კვარტალში, როდესაც ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის ბალანსის სალდო დადებითი გახდა და 11.9 მილიონი დოლარი შეადგინა, 2017 წლის იგივე პერიოდის უარყოფით 124.9 დოლართან შედარებით. და იმის მიუხედავად, რომ საუბარია მხოლოდ ერთ კვარტალზე, ეს მიღწევა შესაძლოა იქცეს წყალგამყოფად საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში.

ალბათ იკითხავთ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? ბალანსის აღნიშნული დადებითი სალდო გულისხმობს, რომ ქვეყანა აღარ სესხულობს დანარჩენი მსოფლიოსგან საკუთარი მოხმარების დაფინანსების მიზნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო ექსპორტით, საერთაშორისო დახმარებებითა და უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების ფულადი გზავნილებით, ვიდრე დახარჯა იმპორტსა და უცხოეთიდან მიღებული სესხების დაფარვაზე. შედეგად, ქვეყანას დაეზოგა სავალუტო რეზერვები, რამაც შესაბამისად გააუმჯობესა მისი მონეტარული პოზიციები და გააძლიერა ინვესტორების ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ.

ItsRussiaStupidGraph1

ფიგურა 1. 1995 წლიდან საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი პირველად დადებით ნიშნულზე გავიდა 2018 წლის III კვარტალში   

მუშაობს თუ არა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოს სასარგებლოდ?

ანგარიშის ბალანსის დადებითი სალდოს ერთ-ერთი ახსნა შეიძლება იყოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ იმ ხელშეკრულებების თავის სასარგებლოდ გამოყენება, რომლებსაც ბოლო წლებში საქართველომ მოაწერა ხელი ევროკავშირთან (ე.წ. შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, DCFTA) და თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან (EFTA), რომელიც მოიცავს ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას.

მოდით გავეცნოთ მონაცემებს. საქსტატის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტი 3.362 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22.9%-ით აღემატება. ჩვენი წამყვანი საექსპორტო პროდუქტები იყო სპილენძის მადანი, სასმელები, ფეროშენადნობები, ფარმაცევტული პროდუქცია და თამბაქო. თუმცა, ჩვენი ვარაუდის საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში მხოლოდ 22% იყო, 2017 წელთან შედარებით 2%-ით ნაკლები. ამავდროულად, რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი 43%-იდან 50%-მდე გაიზარდა.

უფრო მეტიც, საქართველოს სავაჭრო ბალანსი ევროპულ ბაზრებთან გაუარესდა. DCFTA-ისა და EFTA-ის შეთანხმებებით გათვალისწინებული პროდუქციის წმინდა ექსპორტი 2017 წლის მესამე კვარტალში უარყოფითი 978.7 დოლარიდან 2018 წლის მესამე კვარტალში უარყოფით 1.004.5 მილიონ დოლარამდე შემცირდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს როგორც ევროპიდან წმინდა იმპორტიორის როლი კიდევ უფრო გაიზარდა, მაშინ როცა წმინდა ექსპორტის დონემ 2014 წლის მესამე კვარტალთან შედარებით მხოლოდ ოდნავ მოიმატა (2014-ში უარყოფითი ბალანსი 1.099.8 მილიონ დოლარს შეადგენდა).

უფრო ყურადღებით რომ დავაკვირდეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ევროკავშირსა და თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან, ვნახავთ, რომ საქართველოს ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციის მხოლოდ 11% თუ ისარგებლებდა DCFTA-ს პირობებით, რომელიც პრივილეგიას საკვებ და სოფლის მეურნეობის პროდუქციას ანიჭებს. მაგრამ საქართველოს ექსპორტის უდიდესი წილი სპილენძზე, სასმელებზე, ოქროსა და სასუქებზე მოდის, რომელთა უმრავლეოსობაც ბოლო ათიოდე წელია საბაჟო გადასახადის გარეშე გადის ევროპაში GPS+ რეჟიმის ფარგლებში.

ღირებულების ზრდის მიუხედავად, კვებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს არ აქვს დიდი გავლენა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსსა თუ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. საქართველომ შეძლო შეეღწია (აღმოსავლეთ) ევროპის ღვინისა და მინერალური წყლების ზოგიერთ პრემიუმ ბაზარზე, მაგრამ იგივე არ გამოუვიდა ცხოველურ საკვებთან მიმართებაში – ასე დიდად ნაქები ქართული თაფლის ჩათვლით, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ.

საქართველოს ამ წარუმატებლობის მიზეზს წარმოადგენს ერთი მხრივ, პრობლემები პროდუქციის ხარისხისა და მიწოდების უწყვეტობის საკითხებში და მეორე მხრივ, ფასი. მაგალითად, ქართული მანდარინი, ესპანურთან შედარებით უფრო ძვირია და ამავე დროს ის ვერ აკმაყოფილებს ევროპული ბაზრის მოთხოვნებს გემოთი და ვიზუალური კრიტერიუმებით. ქართული რძე და ხორცის პროდუქტები არ იწარმოება საკმარისი რაოდენობით ადგილობრივი ბაზრისთვისაც კი და საკმაოდ ძვირია ევროპელი მომხმარებლისთვის.

საქართველო კონკურენტუნარიანია თხილის წარმოებაში, რაც საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების ერთ-ერთი ადრეული წარმატების მაგალითი აღმოჩნდა 2014-2015 წლებში. თუმცა, ამის შემდეგ, ქართული თხილის წარმოება დრამატულად შემცირდა ფაროსანას გამო. 2018 წლის პირველი 10 თვის მანძილზე თხილის ექსპორტი ევროპაში შემცირდა 16.5%-ით, 2017 წლის 64%-იანი ვარდნის შემდეგ. საგულისხმოა, რომ JAM News-ის მიხედვით, “რუსეთმა ჩაანაცვლა ევროკავშირი, როგორც ქართული თხილის ექსპორტის მთავარი სამიზნე ბაზარი“.

რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს მიმდინარე ანგარიშების დადებით ბალანსში. 2014-2016 წლების ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის პარალელურად, ეს ქვეყნები უკვე ითვისებენ ტრადიციულ ქართულ პროდუქციას, როგორიცაა: ღვინო, მინერალური წყლები, ხილი, მწვანილი და ბოსტნეული. მაგრამ არის კი ეს დადებითი მოვლენა?

ვაჭრობა მომსახურების სფეროში

როგორც ვნახეთ, 2018 წლის მესამე კვარტლის ბალანსში საქართველოს წარმატებას ვერ მივაწერთ ევროპის ქვეყნებთან საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალ ვაჭრობას. ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან შორსაა თანამედროვე სოფლის მეურნეობის სამოთხედ ან ქარხნული პროდუქციის საექსპორტო პლატფორმად გადაქცევისგან. რეალურად, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსისა და მთლიანად ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა არა პროდუქტების, არამედ მომსახურების ექსპორტია.

მიმდინარე ანგარიშების უფრო დეტალურად განხილვისას დავინახავთ, რომ დადებითი სავაჭრო ბალანსი სერვისებში ძირითადად გამოწვეულია იმ 1.2 მილიარდი დოლარით, რომელიც მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორიდან შემოვიდა და წლიდან წლამდე 12.3%-იან ზრდას გვიჩვენებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, უცხოელი ვიზიტორების რიცხვი 2018 წელს 687,466 ადამიანით გაიზარდა. ამ ნამატიდან 37% რუსეთიდან იყო, ხოლო 35% აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან ერთად.

ItsRussiaStupid Graph2

ფიგურა 2.  საქართველოში რუსი ტურისტების წილი სტაბილურად იზრდება. 2018 წელს პირველ ადგილს უთმობს მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს

ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?

მშვენიერი ამბავი იმის შესახებ, რომ საქართველომ შეძლო მიმდინარე ანგარიშის დადებითი ბალანსის მიღწევა სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ შედეგის მიღწევის თავისებურებებზე. პროდუქციისა და ბაზრის დივერსიფიკაციის ნაცვლად, საქართველო სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ეკონომიკის ერთ სექტორზე – ტურიზმსა და მომსახურებაზე. ახალი ბაზრების მოძიების ნაცვლად, საქართველო ირჩევს ნაცად გზას, რომელიც მისი პროდუქციის ტრადიციულ მომხმარებლებთან - რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებთან აკავშირებს.

ასეთი ნაბიჯები სერიოზულ რისკებს შეიცავს. საქართველოს ეკონომიკას შეიძლება ძვირად დაუჯდეს “ყველა კვერცხის რუსულ კალათში მოთავსება”. რუსულ ეკონომიკაში მომხდარი ნებისმიერი შოკი, რეცესია, ფინანსური კრიზისი თუ პოლიტიკური არასტაბილურობა მაშინვე ნეგატიურად აისახება საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე და ქვეყნის ეკონომიკა ისევ დაუბრუნდება მოვალის პოზიციას, რომელსაც მან ძლივს დააღწია თავი.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები ვაჭრობასა და სამრეწველო პოლიტიკაზე

ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019
 ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

რუსეთს ეკონომიკური ბერკეტი აქვს საქართველოზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ექსპორტის საერთო მოცულობამ  დაახლოებით 15% შეადგინა. არათანაზომიერი იყო საექსპორტო საქონლის რაოდენობა....

სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

ორშაბათი, 10 ივნისი 2019
სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

საქართველო თავისი სილამაზითა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, "ბუნებრივად აღმოცენებულ", ტურისტული დანიშნულების ადგილად იქცა. თუმცა პროდუქციის წარმოების გარეშე შესაძლოა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა...

ეს რუსეთია, სულელო!

ორშაბათი, 21 იანვარი 2019
ეს რუსეთია, სულელო!

2018 წლის მესამე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის სალდომ დადებითი მნიშვნელობა მიიღო. შესაძლოა ეს ფაქტი აღვიქვათ როგორც...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form