რეგიონული განვითარების უკეთესი პოლიტიკის შესახებ: ხედვა სასტუმრო „რუმს“ ყაზბეგიდან

რეგიონული განვითარების უკეთესი პოლიტიკის შესახებ: ხედვა სასტუმრო „რუმს“ ყაზბეგიდან

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

„რუმსის“ ახალი სასტუმროს შესახებ დებატების დაგეგმვის პროცესშივე ველოდით, რომ მისი გავლენა ყაზბეგის თემზე ერთმნიშვნელოვანი არ იქნებოდა. ჩემმა კოლეგამ, რომელიც უკვე ნამყოფი და დიდად ნასიამოვნები იყო სასტუმროს მომსახურებით, მითხრა, რომ  ადგილობრივებსა და სასტუმროს შორის კომპლექსური ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. როგორც ეკონომისტები, ვვარაუდობდით, რომ „რუმსი“ ადგილობრივების მსხვილი დამსაქმებელი იქნებოდა, შესაბამისად უთანხმოების შესაძლო მიზეზად მხოლოდ სასტუმროსა და ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებს შორის ტურისტებისთვის კონკურენცია წარმოგვედგინა. თუმცა, როგორც ეს ხშირად მოსდით ეკონომისტებს, ჩვენი წინათგრძნობა არ გამართლდა.


"რუმს" ყაზბეგი: დადებითი გავლენა

ყაზბეგი ტურისტული სამოთხეა თვალწარმტაც თერგის ხეობაში. აქ ტურისტებს ბევრი რამ იზიდავს: ფრინველების გადაფრენა, ალპინიზმი, ციხე-სიმაგრეები და კოშკები. ყაზბეგი, რომელიც ქართულ-რუსული საზღვრიდან ათიოდე კმ-ის მოშორებით მდებარეობს, თავს მყინვარწვერის წარმტაცი ხედითა და გერგეთის სამებით იწონებს. საზღვრის მიმდებარედ არსებობა მუნიციპალიტეტს სატრანსპორტო კვანძის ფუნქციასაც ანიჭებს, ახლადგაჩენილი კაზინო და ექსტრემალური სათხილამურო შესაძლებლობები (მაგ. heli ski) კი ამ ადგილს ტურისტებისთვის კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს.

„რუმსი“, რომელიც 15-მილიონიანი ინვესტიციის შედეგია, დაახლოებით ორი წლის წინ, 2012 წლის ივლისში გაიხსნა. მისმა გაჩენამ ადგილობრივი მოკრძალებული სასტუმრო ინფრასტრუქტურა დრამატულად გააფართოვა. საკუთრების პრივატიზება 2010 წელს მოხდა, უფასოდ. სანაცვლოდ, ინვესტორებმა, თბილისის „ჰოლიდეი ინის“ აქციონერებმა საკუთარ თავზე აიღეს ყაზბეგში თანამედროვე მაღალი სტანდარტების სასტუმროს აშენება. როგორც მენეჯმენტი აცხადებს, პირველი წელი მარტივი არ ყოფილა, თუმცა უკვე მეორე წელს სტუმრების რაოდენობა გაორმაგდა. 2014 წლის პირველ ნახევარში კი ეს მაჩვენებელი 23%-ით აღემატებოდა 2013 წლის მაჩვენებელს.

მართლაც, ამ დროისათვის „რუმსი“ ყაზბეგის უმსხვილესი დამსაქმებელია. მითუმეტეს, რომ კომპანიის განცხადებული სტრატეგია ადგილობრივების დასაქმებაა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ამ ადამიანების დასაქმება უფრო იაფია. ადგილობრივებს არ სჭირდებათ დამატებით საცხოვრებლით უზრუნველყოფა და როგორც წესი, უფრო დაბალი დენადობით გამოირჩევიან - ანუ სტაბილური კადრები არიან.  ამჟამად „რუმსის“ თანამშრომლების 60% (100, 170-დან) ყაზბეგიდანაა. მათმა უმრავლესობამ 6-თვიანი გადამზადება გაიარა ენასა და მასპინძლობაში. მეტი ადგილობრივის დაქირავების შემზღუდველი ფაქტორებიდან ერთ-ერთი მთავარი ამაყი მთის კულტურა (რომელიც ხშირად მომსახურების სფეროში „კლიენტი ყოველთვის ცდება“ მიდგომაში აისახება) და ენების არ-ცოდნაა. შესაბამისად, მხოლოდ ერთი ადგილობრივი ქალბატონია დასაქმებული (მიმტანად) ისეთ პოზიციაზე, რომელიც მომხმარებლებთან პირდაპირ კონტაქტს მოითხოვს. დანარჩენები საოფისე, მომარაგების, სამზარეულო, დასუფთავებისა და დაცვის სამსახურებში მუშაობენ. ყველაზე მაღალ პოზიციაზე დასაქმებული ადგილობრივი ... დაცვის უფროსია.

გარდა იმისა, რომ „რუმსი“ სასარგებლოა ადგილობრივი დასაქმების თვალსაზრისით, ყველა დაინტერესებული მხარე თანხმდება იმაზე, რომ რეგიონში მის შემოსვლას უარყოფითად არ უმოქმედია საოჯახო სასტუმროებში სტუმრების რაოდენობაზე. ეს უკანასკნელნი კვლავაც განაგრძობენ თავიანთი სეგმენტის, დაბალბიუჯეტიანი ტურისტების მასპინძლობას. რუმსის შემოსვლამ კი ყაზბეგი უფრო პოპულარულ ტურისტულ ცენტრად აქცია, რაც ყველასთვის სასარგებლოა, ალექსანდრე ყაზბეგის სახლმუზეუმის, სუვენირების მაღაზიებისა და რესტორნების ჩათვლით.

ადრე ხალხი ყაზბეგში გუდაურიდან ჩამოდიოდა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი აქ არ რჩებოდა შეზღუდული სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამო. ახლა კი ისინი ღამეს ყაზბეგში ათევენ, რაც ადგილობრივ ეკონომიკას აძლიერებს. ქართველები და საქართველოში მცხოვრები უცხოელები „რუმსის“ სტუმრების 30-32%-ს შეადგენს და სასტუმროს მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ვალერი ჩეხერიას თქმით, ეს ბაზრის სწრაფად მზარდი სეგმენტია. შიდა (უქმე დღეების) ტურიზმი კი შემოსავლების ვერიდან და ვაკიდან საქართველოს პერიფერიებში გადანაწილების ჩინებული (ნებაყოფლობითი და ბაზრის არადამამახინჯებელი!) გზაა.

ასევე, არსებობს კონკრეტული მომსახურებები, რომლებსაც „რუმსი“ შეგნებულად არ ახორციელებს, როგორიცაა ტრადიციული ქართული სამზარეულო (მაგალითად, ხინკალი), ცხენებით ჯირითი, გიდის მომსახურება და ტრანსპორტირება. ადგილობრივ გიდებსა და სატრანსპორტო მომსახურების მწარმოებლებს სასტუმროსთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. ასევე, „რუმსი“ ადგილობრივი გლეხებისგან (რომელთაგანაც ბევრს USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების პროექტი უწევს ფინანსურ მხარდაჭერას) ყიდულობს უამრავ საკვებ პროდუქტს, როგორიცაა ყველი, სალათის ფოთლები, ბროკოლი, კარტოფილი და კალმახი.

მაშ, რაშია პრობლემა?


პრობლემა ინფრასტრუქტურაა

როგორ აღმოჩნდა, ადგილობრივ თემსა და სასტუმროს შორის კონფლიქტის წყარო სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობაა. სულ რამდენიმე თვის წინ, 2013-2014 წლის ზამთარში რუმსის წინააღმდეგ მასობრივ ადგილობრივ პროტესტს ჰქონდა ადგილი. თემის წარმომადგენლები სასტუმროს (და არა ადგილობრივ ან ცენტრალურ მთავრობას!) ბრალს სდებდნენ ზამთრის პერიოდში წყლის ქრონიკულ დეფიციტში.მაშინ, როცა სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის პრობლემები, როგორიცაა საზოგადოებრივი ტუალეტები, საგზაო მოძრაობა თუ ადგილობრივი გზების ხარისხი, ერთნაირად აზარალებს ბიზნესებსაც და მოსახლეობასაც, წყლის პრობლემა ნულოვანჯამოვანი თამაშია „რუმსსა“ და ყაზბეგის თემს შორის.

წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა დიდი პრობლემაა „რუმსისთვის“. მენეჯმენტის თანახმად, მათ  ზამთრის განმავლობაში სასტუმროს დახურვაზეც კი იფიქრეს, თუმცა შემდეგ წყლის თბილისიდან, სატვირთო ავტომანქანებით ტრანსპორტირება გადაწყვიტეს.ადგილობრივად სატვირთო მანქანების წყლით შევსებაც კი პრობლემა იყო, რადგან ეს  თემის პროტესტს კიდევ უფრო გაამწვავებდა.

წყლის მიწოდება ყაზბეგში, ისევე როგორც სხვა ნაკლებად ურბანიზებულ ქართულ რეგიონებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მოვალეობაა. კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა (შპს), რომლის 100%-საც სახელმწიფო ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს მუშაობის დაწყებამდე მინიმუმ ორი წლით ადრე შეიძლებოდა ამ პრობლემაზე ზრუნვის დაწყება, წყლის მიმწოდებელ კომპანიას არაფერი გაუკეთებია გაზრდილ მოთხოვნასთან გასამკლავებლად, რითაც, ფაქტიურად, მთელი დაბა ბრაზისა და ტანჯვის სეზონური აფეთქებისთვის გაწირა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა აქ ქართული ოჯახების მიერ წყლის მოხმარება არც კი იზომება, „რუმსი“ ყაზბეგის წყლის კომპანიის ერთადერთი მსხვილი გადამხდელია და თვეში 10-15 000 აშშ დოლარს იხდის. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ვერ მოხერხდადაპირისპირების მთავარი მიზეზის, რეზერვუარის ზომის პრობლემის აღმოსაფხვრელად რესურსების მიმართვა. ამის ნაცვლად წყლის კომპანია მხოლოდ გაყვანილობის მილების შეკეთებით შემოიფარგლა.

წყლის პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას, თუმცა ეს არ არის ერთადერთი შემზღუდველი ფაქტორი „რუმსის“ და ყაზბეგის სხვა ბიზნესების განვითარებისათვის. მაგალითად, სასტუმროს მცდელობა ჰქონოდა „მწვანე“ იმიჯი და მიეღო ეკო-სერტიფიკატი, კრახით დასრულდა ადგილობრივი სამრეწველო ნარჩენის გადამუშავების შესაძლებლობიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ „რუმსი“ ახარისხებს სასტუმროს სამრეწველო ნარჩენს, სატვირთო მანქანა, რომელიც ნარჩენებს აგროვებს, ყველა ტიპის ნარჩენს ერთად მშვენიერი მდინარე თერგის მახლობლად მდებარე ნაგავსაყრელზე ყრის. ერთადერთი, რისი გაკეთებაც კომპანიას ძალუძს, რეგულარული დასუფთავების აქციებში საკუთარი თანამშრომლების ჩართვაა, თუმცა ადგილობრივი მხარდაჭერისა და დამბინძურებელთა მიმართ იძულებითი ზომების გატარების გარეშე არც ამას ექნება აზრი. დასუფთავების შედეგი მალევე გაუჩინარდება, თუკი ადგილობრივები არ შეიგნებენ, რომ ტყე საქეიფო ადგილი არაა.

ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურაც პრობლემაა. საქართველოს მთავრობამ ბევრი ინვესტიცია ჩადო გუდაური-ყაზბეგის მთავარი მონაკვეთის მოპირკეთებაში, თუმცა „უკანასკნელი მილი“ დაბის ცენტრიდან სასტუმრომდე კვლავაც მოუპირკეთებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრივატიზაციის შეთანხმების ნაწილი იყო.„რუმსს“ არ შეეძლო და არც უნდოდა საკუთარი რესურსების (100 000 ლარად შეფასებული) გზის მოპირკეთების სამუშაოებზე დახარჯვა. თუმცა ბოლოს, მთავრობა დათანხმდა ხარჯების განაწილების შემთხვევაში გზის გაყვანას 2014 წლის შემოდგომამდე.


მთავრობას მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია

აქამდე, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების როლი ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითრებასა და ადგილობრივი ბიზნესების დახმარებაში საკმაოდ შეზღუდული იყო. მაგალითად, დღესდღეობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ტურიზმი ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაა. მუნიციპალიტეტს არ აქვს გამოყოფილი თანხა ამ სფეროსთვის და კოორდინირების მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. რუმსის მსგავს დიდ ბიზნესებს ნამდვილად შეუძლიათ დახმარება იდეებით, უნარებითა და რესურსებით. თუმცა, მათ არ ევალებათ ისეთი ინფრასტრუქტურული პრობლემის გადაჭრა, როგორიცაა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა, წყალგაყვანილობა ან წყლის მიწოდება. ბიზნესები მოხარულნი იქნებოდნენ, მათი გადახდილი გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტში რომ რჩებოდეს. ეს მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას სტიმულებსა და რესურსებს მისცემდა ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზოგადოებრივი საქონელის უკეთესი მიწოდებისათვის. თუმცა საქართველოში გადასახადების ადმინისტრირება მეტისმეტად ცენტრალიზებულია, რაც ადგილობრივი მთავრობის ფისკალურ სტიმულებს ასუსტებს.

მაგალითად, „რუმსის“ სამორინეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში (დაახლოებით 200 000 აშშ დოლარი წელიწადში, იმის მიხედვით, თუ რამდენი და რა ტიპის სათამაშო მაგიდა ფუნქციონირებს), თუმცა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არ აქვს ამ თანხის ადგილობრივი საჭიროებებისათვის გამოყენების უფლება. ამის ნაცვლად, ეს და სხვა გადასახადები (დამატებით 30-50 000 ლარი ყოველთვიურად დამატებული ღირებულების გადასახადის სახით) ცენტრალური ხაზინისკენ მიემართება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც დიდი ბიზნესები რეგიონებში ფუნქციონირებისას აწყდებიან, არის ის, რომ ადგილობრივი მომსახურების მიმწოდებლების 99% ჩრდილოვან ეკონომიკაში საქმიანობს. „რუმსს“ კი უჭირს ადგილობრივებთან თანამშრომლობა, თუკი ისინი რეგისტრირებულნი არ არიან. საპასუხო (ბიუჯეტზე გავლენის არმქონე) პოლიტიკა იქნებოდა პერიფერიებში ფუნქცინირებადი მცირე ბიზნესებისა და ინდივიდუალური მეწერმეების გადასახადებისგან ერთბაშად გათავისუფლება. ეს მათ რეგისტრირების, მხარდაჭერის მიღებისა და ზრდის სტიმულს მისცემდა.

და ბოლოს, მთავრობას შეუძლია ტურიზმის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება, ერთის მხრივ, წყალგაყვანილობისა და ნარჩენების მართვის სისტემის მოწესრიგებით ან იშვიათი ცხოველების დაცვით, მეორეს მხრივ კი — ხალხის ცნობიერების ამაღლებით. ბოლოსდაბოლოს, არც ისე ძნელი უნდა იყოს ქართველი ახალგაზრდებისთვის იმის ახსნა, რომ პატრიოტიზმი და მამულიშვილობა რაგბის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობის გარდა, სამშობლოს დაბინძურებისგან თავის შეკავებაცაა.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები

ერთიანობა ან დანაწევრება

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form