სჭირდება თუ არა საქართველოს უფრო დიდი ქალაქები მეტი რაოდენობით?

სჭირდება თუ არა საქართველოს უფრო დიდი ქალაქები მეტი რაოდენობით?

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

უფრო პროდუქტიული რომ გახდეს, საქართველომ უნდა ააშენოს უფრო დიდი და უკეთესი ქალაქები (მრავლობითში!). თუმცა, იმისათვის, რომ  ურბანიზაციის გარდაუვალმა პროცესმა შედეგად არ გამოიღოს „ცუდი“ ქალაქების მშენებლობა, რომლებიც საცობებით, უმუშევრებით, კრიმინალებითა და ნარკომანებით იქნება სავსე, საქართველომ ინვესტიცია უნდა ჩადოს სოფლის განვითარებაში და არა ლაზიკის ტიპის სარისკო ინიციატივებში.

*     *     *

გავიხსენოთ სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ქალაქ ლაზიკის პროექტი, რომლის მიზანი იყო ურბანიზაციის პროცესის აჩქარება. ახალ ქალაქში გადანაწილდებოდა ჭარბი მოსახლეობა სოფლიდან, რაც ხელს შეუწყობდა მიწის კონსოლიდაციის პროცესს და გაზრდიდა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელია იმ ქვეყნის მოდერნიზება, რომლის მოსახლეობის 50% სოფელშია დასაქმებული.

თუმცა, თუ მსოფლიოს სტატისტიკას შევხედავთ, საქართველო საკმაოდ ურბანიზებულია. ქვეყნის მოსახლეობის 53.2% ქალაქში ცხოვრობს და ის ამ მაჩვენებლის მიხედვით 107-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში სლოვაკეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ალბანეთის შემდეგ. შესაძლოა ზოგისთვის გასაკვირიც იყოს, რომ ჩვენთან ქალაქის მოსახლეობის წილი უფრო მაღალია, ვიდრე რუმინეთში, ჩინეთსა და სლოვენიაში.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სტანდარტებით საქართველო ზომიერად ურბანიზებულ ქვეყნად ითვლება, ქართულ ქალაქთა უმეტესობა სავსეა სამსახურის მაძიებლებით. ქალაქებში უმუშევრობის დონე განუწყვეტლივ იზრდება ადრეული 2000-იანი წლების შემდეგ, თუ არ ჩავთვლით 2006 და 2007 წლებში ამ ტენდენციის დროებით შეჩერებას. ის განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის და 35%-ს აღწევს.

აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ლაზიკის ტიპის ექსტრავაგანტულ პროექტებში ჩართვის ნაცვლად, საქართველომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს სოფლის, და არა ქალაქის განვითარებას. სოფლებში პროდუქტიული სამუშაო ადგილების შექმნამ, იქნება ეს დაკავშირებული სოფლის მეურნებასთან, ხელოსნობასთან, ტურიზმთან თუ სხვა მომსახურების სფეროსთან, შესაძლოა არსებითად გააუმჯობესოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამას შესაძლოა არც ისე დიდი რაოდენობით თანხის ინვესტირება დასჭირდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ უმუშევრობა არათანაბრადაა განაწილებული საქართველოს ქალაქებს შორის. ის ძირითადად კონცენტრირებულია რამდენიმე ქალაქში, როგორებიცაა ბათუმი, ფოთი და, რა თქმა უნდა, თბილისი.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანია „მომდგარი მათ კარებს“, საქართველოს ქალაქები არ გაზრდილა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. მეტიც, მათი მოსახლეობა 1989 წელთან (ეს არის უკანასკნელი წელი, რომლისთვისაც მოგვეპოვება საქართველოს დამოუკიდებლობის წინა პერიოდის მონაცემები) შედარებით შემცირდა. შედარებით პატარა ქალაქების შრომისუნარიანი მოსახლეობა თბილისისკენ დაიძრა. ხოლო თბილისის სამუშაო ძალა და ინტელექტუალური ელიტა წავიდა მოსკოვში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და „უფრო შორეულ უცხოეთში“.

როგორც წესი, უფრო დიდმა და მდიდარმა ქალაქებმა დაკარგეს ნაკლები მოსახლეობა და კიდევ უფრო გამდიდრდნენ, რამაც მანკიერი წრის წინაპირობა შექმნა. მაგალითად, თბილისმა მოსახლეობის მხოლოდ 8% დაკარგა 1989 წელთან შედარებით, მაშინ როცა ბათუმის, ქუთაისისა და თელავისთვის ეს მაჩვენებელი 12%, 14% და 26%-ია, შესაბამისად. ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს ქალაქების მოსახლეობა ძალიან არათანაბრადაა განაწილებული ძირითად საქალაქო აგლომერაციებს შორის.

მთელი მსოფლიოს ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, ცნობილი „ზიფის წესი“ ამტკიცებს, რომ ქალაქის მოსახლეობა უკუპროპორციულია იმისა, თუ რომელ ადგილზეა ეს ქალაქი ქვეყანაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველაზე დიდი ქალაქი დაახლოებით ორჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფს, სამჯერ მესამე ადგილზე მყოფს და ასე შემდეგ. თუმცა, თუ საქართველოს მონაცემებს დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ „ზიფის წესი“ არა არის დაცული. თბილისი 1.17 მილიონი მაცხოვრებლით თითქმის 6(!)-ჯერ აღემატება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე მყოფ ქუთაისს (196.8 ათასი). საქართველოს მოსახლეობა „ზიფის წესის“ მიხედვით რომ გაგვენაწილებინა, თბილისს ეყოლებოდა დაახლოებით 800,000 მაცხოვრებელი, ქუთაისს - 400,000, ზუგდიდს - 270,000 და ასე შემდეგ.

უფრო დიდი თუ უფრო უკეთესი ქალაქები?

არ გვინდა არასწორად გაგვიგოთ. ურბანიზაცია დადებითი მოვლენაა. მეჩხერად დასახლებული სოფლებიდან პროდუქტიული და მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისაკენ ადამიანთა დინების პროცესი სტაბილურად ვითარდებოდა დედამიწაზე პირველი ქალაქების გაჩენის დღიდან. არც საქართველო ყოფილა გამონაკლისი.

ინდუსტრიულმა რევოლუციამ მნიშვნელოვნად ააჩქარა ურბანიზაციის პროცესი: დედამიწაზე ქალაქის მოსახლეობის წილი მკვეთრად გაიზარდა 1900 წელს დაფიქსირებული 13%-დან (220 მილიონი) 29%-მდე (732 მილიონი) 1950 წელს და 49%-მდე (3.2 მილიარდი) 2005 წელს. გაეროს მსოფლიო ურბანიზაციის შესახებ ანგარიშის თანახმად, ეს მაჩენებელი 2030 წლისთვის 60%-ს (4.9 მილიარდი) მიაღწევს.

ამ ფუნდამენტურ ტენდენციას ვერც ის ფაქტი შეცვლის, რომ ინტერნეტის ეპოქაში დისტანციურად მუშაობაა შესაძლებელი. საბოლოო ჯამში, ურბანიზაციის პროცესი ადამიანებისა და ფირმების ერთად თავმოყრას ემსახურება. საქალაქო აგლომერაციები მნიშვნელოვნად ზრდიან პროდუქტიულობას, რადგან შესანიშნავ გარემოს ქმნიან იდეების გაცვლისა და ინოვაციისთვის; გიადვილებენ წვდომას მრავალფეროვან წარმოების ფაქტორებსა და სერვისებზე; და ცხოვრებისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს გთავაზობენ განათლების, ჯანდაცვისა და გართობის კუთხით.

არსებითი საკითხი კი შემდეგია. ინდივიდის გადმოსახედიდან, ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა ლატარიასავითაა. გამარჯვებული მიიღებს მაღალ ხელფასს, უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას და სოციალურ კეთილდღეობას. მაგრამ როგორც ლატარიის თამაშისას ხდება ხოლმე, ყველა ახალმოსახლე ვერ იმარჯვებს. უფრო მეტიც, მოგების (მაგალითად, კარგი სამსახურის პოვნა) ალბათობა შესაძლოა საკმაოდ დაბალი იყოს, თუ სოფლის მოსახლეობის დიდი ნაკადი მოაწყდება ქალაქს დროის მცირე მონაკვეთში. სწორედ ეს მოხდა საქართველოში სამოქალაქო ომებისა და რუსეთთან საომარი კონფლიქტის შედეგად.

იქნებოდა მიზეზი სამოქალაქო ომები, შიმშილი, თუ ძირითადი სასოფლო ინფრასტრუქტურის მოშლა, სოფლის მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია დიდ ქალაქებში აუცილებლად გამოიწვევდა „ცუდი“ ქალაქების შექმნას, რომლებიც სავსე იქნებოდა საცობებით, უმუშევრებითა და უსახლკაროებით, კრიმინალებით, პროსტიტუტებითა და ნარკომანებით.

უფრო პროდუქტიული რომ გახდეს, საქართველომ შესაძლოა მართლაც უნდა გაიაროს ურბანიზაციის პროცესი, მაგრამ ეს პროცესი სწორად უნდა იქნეს წარმართული. იდეალურ შემთხვევაში შედეგად უნდა მივიღოთ უფრო დიდი და უკეთესი ქალაქები (მრავლობითში!). ქალაქები, რომლებიც შემოგვთავაზებენ პროდუქტიულ სამუშაო ადგილებს და ცხოვრების მაღალ დონეს. თუმცა, პროცესის ამ მიმართულებით წასაყვანად საქართველომ ინვესტიცია უნდა ჩადოს სოფლის განვითარებაში და არა ლაზიკის ტიპის სარისკო ინიციატივებში.

 

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები

ერთიანობა ან დანაწევრება

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form