სიღარიბისა და ხელფასების თავსატეხი საქართველოში

სიღარიბისა და ხელფასების თავსატეხი საქართველოში

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

სიღარიბე არ მცირდება…

(პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობითაც) „ბნელ“ 90-იანებში გაზრდილ ბევრ ქართველს ემახსოვრება ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი, რომელსაც პერიოდულად, 5-წლამდე ასაკის ბავშვების მშობლები იღებდნენ.  სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად, იყო რძის ფხვნილის შავ-თეთრი კოლოფიც, რომელიც შემდეგ, ბევრ ოჯახში, საყვავილის ფუნქციასაც ითავსებდა...

სტატიის ერთ-ერთი ავტორი, რომელმაც სწორედ ამ ბნელ პერიოდში გაატარა ბავშვობა, გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ მსოფლიო ბანკის სიღარიბის შეფასების თანახმად, საქართველო დღეს უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე მაშინ იყო(!).. კერძოდ, თუ 1996 წელს, დღეში 1.25 აშშ დოლარზე ნაკლებით მცხოვრები (ანუ ღატაკი) მოსახლეობის წილი 5% იყო, 2010 წელს, ამ მაჩვენებელმა 18%-ს მიაღწია. დინამიკა მზარდია ღარიბთა, ანუ დღეში 2 აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონეთათვისაც. დროის იმავე ინტერვალში, ამ უკანასკნელთა წილი 14%-დან 36%-მდე გაიზარდა. რამდენად უნდა გვჯეროდეს რიცხვების, რომლებიც ასე ეწინააღმდეგება სიტუაციის ჩვენეულ აღქმას?

მეორეს მხრივ, სიღარიბის ეროვნული სტატისტიკა (იხილეთ შავი ტეხილი გრაფიკზე) ძალიან განსხვავებულ სურათს გვაძლევს: 2000 წლიდან 2012 წლამდე, სიღარიბე დაახლოებით 40 პროცენტული პუნქტით ეცემა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მთელი ეს „გაუმჯობესება“, რეალურად, მხოლოდ სიღარიბის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილებების შედეგია, რაც ძალიან ართულებს გრძელვადიანი ტენდენციის დანახვას. პირველად,  2004 წელს, უფრო მოკრძალებული საარსებო მინიმუმის კალათა შემოიღეს, რის შედეგადაც სიღარიბის შეფასება 10-15 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2007 წლიდან კი, ღარიბებად საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მყოფნი კი არა, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებნი ითვლებიან. უკანასკნელი ცვლილების შედეგად სიღარიბის დონედამატებით 30 პროცენტული პუნქტით „შემცირდა“.

თუმცა, მიუხედავად ამ მანიპულაციებისა, ეროვნული სიღარიბის ამ მაჩვენებლებიდანაც კი შეიძლება იმის დანახვა, რომ სიღარიბის კუთხით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ადგილი არ ჰქონია. მაჩვენებლის იშვიათი კლებები არცერთ წელს აღემატებოდა პროცენტულ პუნქტს, მეთოდოლოგიის ცვლილების წლების გარდა. ასე რომ, შესაძლოა, დღევანდელი საქართველო 90-იანი წლებივით ბნელი არაა, მაგრამ ქუჩების უკეთესი განათების მიუხედავად, სიღარიბე მაინც არ შემცირებულა.

ცხრაჯერ გაზრდილი რეალური ხელფასების მიუხედავად!

სიღარიბის დონის სტაგნაციის მიუხედავად, საქართველო, 1996 წელთან შედარებით, მაინც უფრო „ნათელი“ ადგილია. მაგალითად, რეალური ხელფასები, ანუ ხელფასები ფასების დონის გათვალისწინებით, 9-ჯერ გაიზარდა 1996 წელს 81 ლარიდან (2012 წლის ფასებში), 713 ლარამდე 2012 წელს. მოდით, დავაკვირდეთ ამ გაუმჯობესების მნიშვნელობას საშუალო ხელფასით ხელმისაწვდომი (შრომისუნარიანი მამაკაცის) საარსებო კალათების რაოდენობის დინამიკას (იხილეთ წითელი სვეტები გრაფიკზე). 21-ე საუკუნის დასაწყისში საშუალო ხელფასის მქონე დაქირავებულს საკუთარი თავის რჩენაც არ შეეძლო, უკვე 2012 წელს კი, დამატებით ოჯახის4-მდე  წევრის საარსებო მინიმუმის დონეზე შენარჩუნება შეუძლია.

სხვათა შორის, ამგვარი უზარმაზარი ზრდა რეალურ ხელფასებში მხოლოდ საქართველოსთვის არ ყოფილა დამახასიათებელი. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების უმრავლესობას მსგავსი გამოცდილება აქვს და ზრის ამდენად მაღალი ტემპები ხელფასების საწყის ძალიან დაბალ დონეს უკავშირდება (იხილეთ, მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალური ხელფასების ანგარიში 2012/2013). მთავარი თავსატეხი ისაა, რატომ ვერ მიმართა საქართველომ რეალური ხელფასების ზრდა ღარიბების სასიკეთოდ და რატომ არის სიღარიბე აქ ასე შეუპოვარი?

შეიძლება რამდენიმე ახსნის პოვნა, რომლებიც ცალ-ცალკე ან ერთობლივად დაგვეხმარება, ერთი შეხედვით, ორი შეუთავსებელი ფაქტის: მზარდი რეალური ხელფასებისა და მედგარი სიღარიბის შეთანხმებაში.

პირველი, ბუნებრივია, რომ მაღალი ხელფასები სასარგებლო მხოლოდ დაქირავებული ადამიანებისთვისაა. სამწუხაროდ, საქართველოში დასაქმების დონის შემცირების პარალელურად (1998 წელს 57.3%-დან 2013 წელს 56.6%-მდე შემცირდა), დასაქმებულებში თვითდასაქმებულთა წილიც გაიზარდა (57%-დან 61%-მდე). ქართველ თვითდასაქმებულთა უმრავლესობა კი, ფაქტიურად უმუშევარი, სოფლის მაცხოვრებელია, რომელიც ხელფასს არ იღებს და შედეგად, ვერც ამ ხელფასების ზრდით სარგებლობს. ხელფასიანი ადამიანების წილი ქვეყნის მოსახლეობაში მეხუთედზე ოდნავ მეტს შეადგენს (ერთ-ერთი უმცირესი მსოფლიოში). მეტიც, ეს მაჩვენებელი 1998 წელს 25%-დან 2012 წელს 21%-მდე დაეცა.

მეორე, ცხადია, ხელფასის ზრდა უნიფორმული არ ყოფილა. თეორიულად, თუ ყოველი მეხუთე ადამიანი საარსებო მინიმუმზე ხუთჯერ მეტს გამოიმუშავებს (იხილეთ გრაფიკი) და შემოსავალს ოთხ სხვა ადამიანს უნაწილებს, მთელი მოსახლეობის საარსებო მინიმუმზე შენარჩუნებაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. ნაკლებად კვალიფიციური მუშახელის ხელფასებში გაუმჯობესებას ადგილი თითქმის არ ჰქონია, რამაც შემოსავლებში უთანასწორობა (ჯინის კოეფიციენტი) 1996 წელს 0.37-დან 2013 წელს 0.4-მდე გაზარდა. შესაძლოა. დიდი ნუგეში არ იყოს დღევანდელი ღარიბებისათვის, მაგრამ 90-იანი წლების უფრო თანასწორი საზოგადოება სულაც არ ყოფილა უკეთესი საზოგადოება. მაშინ სამსახურის ქონაც არ იყო სიღარიბიდან თავის დაძვრენის გარანტია, რომ არაფერი ვთქვათ, ისედაც დაბალი (ე.წ. „გაყინული“) ხელფასების (და პენსიების) დაგვიანებით ან საერთოდ არ დარიგებაზე.

მესამე, საქართველოში სიღარიბის ფენომენი ძალიან მჭიდროდ უკავშირდება სოფელსა და ქალაქს შორის განსხვავებას. როგორც მრავალი კვლევა მიუთითებს (მათ შორის, მსოფლიო ბანკის 2005 წლის კვლევაც), სიღარიბის ზრდა, ხელფასების ზრდის მიუხედავად, შემდეგი მიზეზებით იყო განპირობებული: ზრდა კონცენტრირებული იყო ეკონომიკის მხოლოდ რამდენიმე სექტორში და არ არსებობდა ზრდით მიღებული სარგებლის დაბალშემოსავლიან (ხშირ შემთხვევაში სოფლის) მოსახლეობაზე გადანაწილების ეფექტური მექანიზმები. ასე რომ, რეალური ხელფასების ზრდამ მოიტანა ცვლილებები იქ, სადაც შეეძლო, ანუ ქალაქებში. თუმცა ამის შედეგად ვერ მოხერხდა კეთილდღეობის ზრდა სოფლებში, სადაც არასასოფლო-სამეურნეო დასაქმების შესაძლებლობები თითქმის არ არსებობს. ლიბერალური აკადემია თბილისის (2012) ანგარიშის თანახმად, ქალაქისა და სოფლის სიღარიბის დონეებს შორის სხვაობა 20-25% ინტერვალში მერყეობდა და დროთა განმავლობაში იზრდებოდა.

მეოთხე, 2007 წელს რედისტრიბუციის ეფექტური მექანიზმის შემოღებით საქართველომ, როგორც სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, სიღარიბის დონის 2-4 პროცენტული პუნქტით შემცირება მოახერხა. თუმცა იგივე მექანიზმი დახმარების მიმღებთ ფორმალურად მუშაობის და ასე საკუთარი ძალებით სიღარიბის დაძლევის სტიმულს უკარგავს. მიზნობრივი დახმარების პოლიტიკის მიერ შექმნილი ეს არასწორი სტიმულები კი, შესაძლოა, უფრო გაძლიერდეს 2013 წლიდან დახმარების მოცულობის გაორმაგების შედეგად და სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ბაზების ინტეგრირების შემდეგ, როცა 20 000-მდე ოჯახმა დაკარგა შემწეობა დამალული შემოსავლების გამო (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2013).


რა უნდა გაკეთდეს?

საქართველოს მიზნობრივი სოციალური დახმარების პოლიტიკასთან ასოცირებული დილემა იკვეთება საქართველოში მოქმედ უცხოურ აგრობიზნესებთან ინტერვიუებშიც. როგორც კომპანიები აცხადებენ, რაკი რამდენიმედღიანი სეზონური სამუშაოც კი, მთლიან ოჯახს შემწეობის დაკარგვის რისკის ქვეშ აყენებს, ხალხს არ სურს ფორმალური სეზონური სამუშაო, რაც ანადგურებს შრომატევად სასოფლო ინდუსტრიებს. პარადოქსულია, მაგრამ ბიზნესები სასოფლო დასახლებებში, ძალიან მაღალი სიღარიბითა და უმუშევრობით, სინამდვილეში მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდიან. დამსაქმებელს, რომელიც შემოსავლების სამსახურის გვერდის ავლით ფულის ხელზე გადახდას შეეცდება, დიდი ჯარიმა შეიძლება დაეკისროს; არალეგალურ სამუშაოზე დასაქმებული კი, დაშავების შემთხვევაში, დაზღვევით ვერ ისარგებლებს.

საჭიროა მიზნობრივი სოციალური დახმარების პოლიტიკის გადახედვა, სოფლის მოსახლეობისა და დამახასიათებელი სეზონური დასაქმების გასათვალისწინებლად. ამჟამინდელი მიდგომა აშკარად ამახინჯებს დასაქმებადი მოქალაქეების სტიმულებს, ეძიონ სეზონური სამუშაო და ასე დამატებითი შემოსავალი მოუტანონ თავიანთ ღარიბ ოჯახებს, შემწეობის დაკარგვის რისკის ნაცვლად. არსებულ პირობებში კი ხელმოკლე ოჯახებიცა და მათი დასაქმების მოსურნე კომპანიებიც მნიშვნელოვან შესაძებლობებს კარგავენ. რა თქმა უნდა, გამოსავალი არ არის შემწეობის გაუქმება, რადგან ეს დრამატულ შედეგს მოიტანდა, თუმცა მთავრობამ უნდა დაიწყოს სტიმულების სწორად წარმართვაზე ფიქრი. შესაძლო ვარიანტებია შემწეობის დროებითი შემცირებები (და არა სულ გაუქმება) სეზონური დასაქმების პერიოდებში, ან საერთოდ, ამ ტიპის დროებითი დასაქმების უგულებელყოფა საარსებო შემწეობის გაცემისას.

ბოლოს, კერძო სექტორთან მუშაობა სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გამოსავალია. ეს, და არა სიღარიბის გაზომვის მეთოდოლოგიის კირკიტი, უნდა წარმოადგენდეს ცენტრალურ საკითხს საქართველოს მთავრობის სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამაში.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები

ერთიანობა ან დანაწევრება

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form