ზევით საქართველოს მთებისაკენ და დაბლა სოფლებისკენ

ზევით საქართველოს მთებისაკენ და დაბლა სოფლებისკენ

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

საჩხერის სტილის ინფრასტრუქტურული ინვესტიცია და 50 უცხოელი მოხალისე მასწავლებელი არაფერს შეცვლის საქართველოს პატარა ქალაქებისა და სოფლებისთვის. რატომ არ შეიძლება ოდნავ უფრო ინოვაციებისაკენ მიდრეკილნი და ამბიციურები ვიყოთ, როდესაც საქმე ჩვენი მოსახლეობის თითქმის 50%-ისთვის განათლების თანაბარი შესაძლბელობების მიცემას ეხება? რატომ არ ვიყენებთ ტექნოლოგიებს ამ მიმართულებით? რატომ არ ვრთავთ საქმეში ქართველ მოხალისეებს?

*     *     *

CNN იტყობინება, რომ ჩინეთის სასოფლო დასახლებების ტექნოლოგიური, სამედიცინო და კულტურული განვითარების მიზნით ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ლიგა გეგმავს 10 მილიონი სტუდენტის გაგზავნას ქვეყნის ღარიბ სოფლებში. სტუდენტები თავიანთ საზაფხულო არდადეგებს მიუძღვნიან  მოხალისეობას „სოფლის გაახალგაზრდავების“ კამპანიაში, რომლის აქტიური მხარდამჭერია პრეზიდენტი სი ძინპინი.

ზუსტად 50 წლის წინ, 1969 წელს, სი თავად გაგზავნეს თავისი მშობლიური ბეიჯინგიდან 800 კმ-ით დაშორებულ სოფელ ლიანძიახში სამუშაოდ. სი, კომუნისტური პარტიის მაღალი კლასის მოხელის ვაჟი, იმ დაახლოებით 17 მილიონ პრივილეგირებულ ქალაქელ ახალგაზრდას შორის იყო, რომელთაც ძალით მოუყარეს თავი მაო ძედუნის მოძრაობაში დაბლა სოფლებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი სურვილით არ მომხდარა, სი თავისი ბიოგრაფიის ამ თავს იხსენებს, როგორც „ნაყოფიერ, ცხოვრების შემცვლელ გამოცდილებას, რომელმაც გამოაწრთო მისი სხეული და გონება“.

კოლონიური ფერფლიდან მსოფლიო დონის მოთამაშეობამდე ჩინეთის აღზევება დიდწილად განაპირობა იმან, რომ ქვეყანამ წარმატებით უზრუნველყო სოფლის მოსახლეობა განათლებით, გაზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობა და ტრადიციული ფერმერების დიდი ნაწილი ეკონომიკის თანამედროვე სექტორში დაასაქმა. თუმცა, რამდენად მოსალოდნელია, რომ ჩინეთის მოხალისეობრივი თუ არამოხალისეობრივი განვითარების რეცეპტი იმუშავებს ისეთ თავისუფლებისმოყვარე საზოგადოებებში, როგორებიც არიან საქართველო და სომხეთი? ქართულ და სომხურ სოფლებს ისევე სჭირდებათ „ტექნოლოგიური, სამედიცინო და კულტურული განვითარება“, როგორც ჩინურ სოფლებს. თუმცა, სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნებში ძნელად თუ შევამჩნევთ ჩინეთის სტილის კოორდინირებულ „სოფლის გაახალგაზრდავების“ კამპანიის მსგავს პროექტს.

საქართველო საცდელი ვადით ახორციელებს სოფლის განვითარების პროექტებს: ჭორვილა

საქართველოს ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკოსსა და ფილანთროპს, ბატონ ივანიშვილს არ დასჭირდა სოფელში გაგზავნა იმისათვის, რომ „გამოეწრთო სხეული და გონება“. ხუთ დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი, ივანიშვილი გაიზარდა ძალზედ მოკრძლებულ პირობებში, მანგანუმის ქარხნის მუშის ოჯახში ჭორვილაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელში.

პოსტ-საბჭოთა კაპიტალიზმის შავ წყლებში უზარმაზარი ქონების დაგროვების შემდეგ, ბატონ ივანიშვილს სურდა რაიმე გაეკეთებინა სამშობლოში. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ ქართველი ახალგაზრდობისთვის მიეცა სოფელში დასახლების სტიმული, მან თავისი სიმდიდრე გამოიყენა ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში - საჩხერეში, ერთი კონკრეტული სოფლის - ჭორვილას, მოსახლეობისთვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. 

ამ განსაკუთრებით ქართული „სოფლის გაახალგაზრდავების“ პროექტის ისტორია, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა მანამ განახორციელა, სანამ პოლიტიკაში ასე გააქტიურდებოდა, ლამაზადაა აღწერილი „ჯემ ნიუსის“ უკანასკნელ სტატიაში. ბატონმა ივანიშვილმა ააშენა სკოლა(რომელსაც ჰქონდა ოლიმპიური ზომის საცურაო აუზი და უმაღლესი დონის სპორტული მოწყობილობები), თანამედროვე საავადმყოფო, და „რიტუალების სასახლეც“ კი - რომელიც უფასოდ იყო ხელმისაწვდომი(2012 წლამდე) ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქორწილებისა და დაკრძალვის ცერემონიების ჩასატარებლად. მან გაარემონტა ყველა სახლი ჭორვილაში, ოჯახები მოამარაგა გამათბობლებით, ტელევიზორებითა და მაცივრებით და მათ გაზის გადასახადსაც კი იხდიდა.

ასე რომ, რა გააკეთა ბატონმა ივანიშვილმა და რა არ გააკეთა?

მან ინვესტიცია ჩადო ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურაში, განვითარებისთვის საჭირო მოწყობილობებში, მხოლოდ შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალში. მან თითქმის არ იზრუნა განვითარებისთვის საჭირო სხვა ასპექტზე - საჩხერის ადამიანური კაპიტალის ხარისხზე. ბატონი ივანიშვილის ჩარევის შედეგად, 2019 წლის საჩხერეს აქვს უკეთესი საცხოვრებელი პირობები, თუმცა ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩენილი აგრარული საზოგადოებაა, რომელსაც არ აქვს ინოვაციის შესაძლებლობა, და აქვს მხოლოდ რამდენიმე თანამედროვე ბიზნესი. ჭორვილის სკოლის მოსწავლეებს წვდომა აქვთ უკეთეს ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ არ ჰყავთ ახალგაზრდა მისაბაძი ადამიანები ან შთამაგონებელი მასწავლებლები. სწავლების ნაცვლად მათ ლექციის ტიპის გაკვეთილებს უტარებენ ან უყვირიან. მათი სამომავლო განათლებისა და დასაქმების პერსპექტივა ისეთივე არასახარბიელოა, როგორც საქართველოს სხვა პატარა სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებელი ბავშვების შემთხვევაში. 

ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად: წარსული

2010 წელს, საქართველოში განხორციელდა კიდევ ერთი სასოფლო განვითარების ინიციატივა, „ასწავლე და ისწავლე საქართვლოსთან ერთად“(TLG). ეს პროექტი თითქოს ჰგავს ჩინეთის „მოძრაობას დაბლა სოფლისაკენ“ იმ კუთხით, რომ ის გზავნის ახალგაზრდა მასწავლებლებს საქართველოს შორეულ კუთხეებში. თუმცა, მისი ჩინური ანალოგისაგან განსხვავებით, „ასწავლე და ისწავლე საქართვლოსთან ერთად“ თავს არ იწუხებს ახალგაზრდა ქართველების გაგზავნით. ამის ნაცვლად, ის აგროვებს უცხოელ ახალგაზრდებს „რომლებიც ეძებენ გასაოცარ ევრაზიულ ქვეყანაში მოხალისეობრივად სწავლების გამოცდილებას“, როგორც reachtoteachrecruiting.com-ზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საქართველოს ყოფილი („სტაბილურად პროდასავლური“) პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, “ასწავლე და ისწავლე საქართვლოსთან ერთად”, თავდაპირველად ცდილობდა 1,000 (მშობლიურ) ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანის შეგროვებას, რათა ისინი „დახმარებოდნენ ქართველ მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში“. თავის ზენიტში, 2010-12 წლებში, ამ პროგრამას ჰქონდა წლიური ბიუჯეტი 8 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადად მოხალისეთა შესაგროვებლად გამიზნულ კამპანიებსა და მათ სამშობლოში დასაბრუნებელ ბილეთებზე(ორი თითო მოხალისისთვის, შვებულების გათვალისწინებით) იხარჯებოდა.

„ასწავლე და ისწავლე საქართვლოსთან ერთად“ ძალიან ზერელედ ეკიდებოდა მასწავლებელთა არჩევის, ტრენინგისა და ორიენტირების პროცესს და ამის შედეგი იყო მოხალისეთა არათანაბარი ძალისხმევა, ისევე როგორც მათი დროის არაოპტიმალური გამოყენება. თუმცა, პროგრამამ შედეგი გამოიღო.

ემა პრატმა, ოჰაიოელმა გოგონამ, ამ პროგრამის შესახებ შეიტყო, როდესაც სტაჟირებას გადიოდა თბილისში ამერიკის საელჩოში ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სლავური და აღმოსავლეთ ევროპული სწავლების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად.  როდესაც ემამ დაამთავრა მაგისტრატურა 2011 წელს, აშშ-ს ეკონომიკა კვლავ ცდილობდა კრიზისის შემდეგ ფეხზე დადგომას. „მირჩევნია ნაკლებად კარგი სამსახური მქონდეს საქართველოში“, იფიქრა ემამ და პროგრამაზე განაცხადი გააგზავნა.

ექვსი თვის შემდეგ, FBI-ის კრიმინალური შემოწმების გავლის შემდეგ, ემა ჩავიდა საგარეჯოში, თბილისიდან 60კმ-ით დაშორებულ ქალაქში 10,000 მოსახლით. იქიდან გამომდინარე, რომ იგი პირველად არ იყო ამ ქვეყანაში, ემას შეეძლო ქართულ ენაზე კომუნიკაცია, რაც საკმაოდ უჩვეულო იყო ამ პროგრამის ტიპური მოხალისისთვის.

საგარეჯოს #3 სკოლის დირექტორი, თბილად შეხვდა ემას. მის ორ ადგილობრივ კოლეგას, ნინოსა და ზაირას, რამდენიმე „საბჭოური ჩვევა“ ჰქონდათ, როგორც ემა აღნიშნავს ზრდილობიანად, მაგრამ ორივე მზად იყო ესწავლა. ემა მათთან ერთად ასწავლიდა 1-6 კლასებს, ორ საათს თითოეულ კლასს, 12 საათს კვირაში.  ინგლისურის პატარა საკლასო ოთახს ჰქონდა ბიბლიოთეკა და კომპიუტერი დინამიკებით, რასაც გაკვეთილების ჩასატარებლად იყენებდა. ემა ასწავლიდა 100-მდე ბავშვს და მათი უმრავლესობისთვის ის იყო პირველი (მშობლიურ) ინგლისურ ენაზე მოსაუბრე, რომელიც კი ოდესმე უნახავთ.

თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ამ პროგრამამ უდიდესი გავლენა მოახდინა ემას ცხოვრებაზე. ის კვლავ საქართველოში ცხოვრობს და ინგლისურს ასწავლის საქართველოს პოლიციის აკადემიასა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში(ISET). რამდენიმე თვის წინ ის დაქორწინდა დიდაზე, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და პრესტიჟული კომაროვის სკოლა.

ასწავლე და ისწავლე საქართვლოსთან ერთად: ახალი კონცეფცია?

ზენიტის პერიოდშიც კი, პროგრამამ ვერ შეძლო მიეღწია მიზნისთვის და ჩამოეყვანა ათასი უცხოელი მოხალისე მასწავლებელი საქართველოში. დღეს, „ასწავლე და ისწავლე საქართვლოსთან ერთად“ დიდი ხანია აღარ არის ზენიტში, და აშკარად გამოელია საწვავი - პირდაპირი მნიშვნელობით(ბიუჯეტის მხრივ) და გადატანითი მიშვნელობით(სტიმულირების მხრივ). უკანასკნელ წლებში პროგრამის დაფინანსებაა 0.5 მილიონი წლიურად, რაც მისი 2010-12 წლების ბიუჯეტის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. ეს არ არის საკმარისი ეფექტური კამპანიების ჩასატარებლად ან მოხალისეების შესარჩევად, საორიენტაციოდ, მოსამზადებლად, მხარდასაჭერად და მათი მუშაობის მონიტორინგისთვის.

პროგრამის ვებ-გვერდი არ განახლებულა წლების განმავლობაში, რაც უარყოფითად აისახება მის საერთაშორისო იმიჯსა და მარკეტინგზე. ამჟამად საქართველოს სკოლებში მხოლოდ 50-მდე მოხალისე იმყოფება, რაც, რა თქმა უნდა, ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას.

პროგრამის ხელმძღვანელებს შეუძლიათ რამდენიმე ცვლილების განხორციელება, თუ სურთ გაზარდონ მასშტაბი და გავლენა.

პირველ რიგში, პროგრამაში ჩართული უნდა იქნას არა მხოლოდ რამდენიმე ათეული უცხოელი „რომლებიც ეძებენ გასაოცარ ევრაზიულ ქვეყანაში მოხალისეობრივად სწავლების გამოცდილებას“, არამედ კონცენტრაცია უნდა მოახდინონ მათ ქართველ კოლეგებზეც. ათასობით ქართული სოფელი ისარგებლებდა ისეთი ქართველი მოხალისეების სოფელში ყოფნით, რომლებიც არიან განათლებულნი, მეწარმეობაზე ორიენტირებულნი და ინოვაციისკენ მიდრეკილნი, რომლებსაც შეუძლიათ ასწავლონ სასკოლო საგნები, არიან მისაბაძნი და საზოგადოების ორგანიზების უნარის მქონენი.

მეორე, პროგრამას შეეძლო გაეზარდა გეოგრაფიული არეალი და გავლენა მოხალისეობრივი აქტივობების მასშტაბების გაზრდით. მასწავლებლების მოშორებულ რეგიონებში გაგზავნის გარდა, პროგრამას ასევე შეეძლო ბევრად უფრო კვალიფიციური მოხალისეების ჩართვა ინდივიდუალური ან ჯგუფური მწვრთნელების როლში. წვრთნა შესაძლოა დისტანციურად ინტერნეტის საშუალებით. ამასთან კვირაში ერთი საათი - მწვრთნელის ჩვეულებრივი სამუშაო გრაფიკი - ბევრი ადამიანისთვისაა მოსახერხებელი: უცხოელები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებსაც არ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა დიდი ხნით; ქართული ემიგრაციის წევრები; შემდგარი ქართველი პროფესიონალები, მასწავლებლები და აკადემიკოსები. წვრთნას აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე: ის არ არის შეზღუდული სასკოლო საგნებზე. გამოცდილი მწვრთნელის დახმარებით, ქართველი ბავშვები შეძლებდნენ უამრავ კლასგარეშე აქტივობაში ჩართვას - მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ კითხვითა და ფილმის ყურებით დაწყებული და სამეწარმეო და სოციალური პროექტებით დამთავრებული.

ბოლოს, პროგრამას შეეძლო მეტი გაეკეთებინა თავისი მოხალისე მასწავლებლებისა და მწვრთნელების საქართველოს სოფლებში მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან და ერთმანეთთან სისტემურად დასაკავშირებლად. თუ პროგრამის მოხალისეები მხარდაჭერილნი და ნაკლებად იზოლირებულნი იქნებიან, ეს მათ მისცემს მეტი კმაყოფილებისა და პროფესიული წარმატების განცდას.

*     *     *

საქართველო ჩინეთი არ არის. ქართველები თავისუფლების მოყვარე ხალხია. მაგრამ თავისუფლება სოლიდარობისა და საზოგადოების სუსტი წევრების მიმართ პასუხისგმებლობის გრძნობის გარეშე ძნელად დასაცავი და შესანარჩუნებელია. ქართველთა უმეტესობა ძლიერაა მიჯაჭვული წინაპართა სასოფლო თემებს. მცირეოდენი კოორდინაციითა და შედარებით მოკრძალებული დაფინანსებით, საქართველოს პოლიტიკის შემქმნელებს და ფილანთროპებს შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნებისა და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების მოძრაობა დაიწყონ. და ეს იქნებოდა საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საქართველომ გააკეთოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მისაღწევად.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები

ერთიანობა ან დანაწევრება

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

ფინეთის განათლების სასწაულები

ფინეთის განათლების სასწაულები

ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ფინეთი თეთრებში გახვეული, საშობაო დეკორაციებით მორთული და განათებული შემომეგება წინა კვირას. ფინეთს ჩემს უფროს შვილთან, ორ ქართველ კოლეგასთან ალექსისა და...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form