დანაშაული და სასჯელი ქართულად

დანაშაული და სასჯელი ქართულად

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

თურქეთში გატარებული ორკვირიანი შვებულებიდან სახლში ვბრუნდებოდით. რა ვიცოდით, რომ ვალეს (ახალციხის მახლობლად) საზღვარზე საშინელი სიურპრიზი გველოდა. ვალეში შუაღამისკენ ჩავედით, 2017 წლის 26 აგვისტოს. ეფექტური პროცედურა, მოსალოდნელ 2-3 წუთზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ კი შოკისმომგვრელი ვერდიქტიც გამოგვიტანეს:

ბატონო ლივნი, მგზავრობას ვეღარ გააგრძელებთ. ჩვენი ჩანაწერების მიხედვით, თქვენი მანქანის ჩამორთმევის ბრძანებაა გაცემული. მიზეზი არ ვიცით, ალბათ, ჯარიმა არ გადაგიხდიათ.

ჩვენს საქმეზე მომუშავე ოფიცერი კიდევ ერთ საათს ანდომებს ტელეფონზე საუბარს და შემდეგ გვიდასტურებს: ჩვენ დაგვვიწყებია 10-ლარიანი ჯარიმის გადახდა, რომელიც საპატრულო პოლიციამ დაგვაკისრა მაისის ბოლოს პარკირების წესის დარღვევის გამო.

ბატონო ლივნი, რადგან ჯარიმა დროულად არ გადაგიხდიათ და ვადაგადაცილება უკვე ორ თვეზე მეტია, სხვა გზა არ გვაქვს, მანქანა უნდა ჩამოგართვათ. ვხედავ, მანქანაში ორი ბავშვი გყავთ და მესმის, რომ ცოტა უსიამოვნოა, მაგრამ ვალდებული ვარ, ბრძანება შევასრულო.

ცოტა უსიამოვნო? ჰმმმ. წარმოიდგინეთ: შუაღამეს დიდი ხანია გადასცდა; 1200 კმ. გამოვიარეთ და მთელი ოჯახი დაქანცულია; ორი ბავშვი, რომელთაც 12-გრადუსიანი ტემპერატურისთვის არც თუ შესაბამისად აცვიათ; სადღაც გადაკარგულში, სახლიდან 300 კმ-ში, ახლოს სასტუმროები არაა, გზაზე სხვა მანქანები არ ჩანს, არც ტაქსის გამოძახება შეიძლება, რომ უსაფრთხო ადგილზე წაგვიყვანოს.

ძალიან ვწუხვარ, ბატონო ერიკ, – უცბად განაგრძო საუბარი პოლიციის ოფიცერმა – კიდევ ერთი პატარა პრობლემაა. რადგან ჯარიმა არ გადაგიხდიათ, თქვენს მართვის მოწმობას 29 ივლისს მოქმედება შეუჩერდა. ასეთ შემთხვევაში, კიდევ 500 ლარით უნდა დაგაჯარიმოთ, რადგან მოქმედი მართვის მოწმობის გარეშე მგზავრობთ.

კიდევ ერთი საათი გადის, ვიდრე პოლიციის ოფიცერი 500-ლარიან ჯარიმას გამოწერს და ევაკუატორი დანაშაულის ადგილზე ჩამოაღწევს. გათენებას ცოტა უკლდა, დაახლოებით დილის 4 საათზე, ცივილიზაციამდე მიღწევა მოვახერხეთ (თუ ახალციხეს ასე შეგვიძლია, ვუწოდოთ), ევაკუატორის კეთილმა ბიჭებმა გაგვიყოლეს. გათოშვას და მგლების ლუკმად ქცევას გადავურჩით. კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება საქართველოში, მისი საუკეთესო გამოვლინებით.

*     *     *

ახლა კი დანაშაულის და სასჯელის საფასური დავითვალოთ.

დანაშაული:

• 2017 წლის 29 მაისს პარკირების წესების დარღვევის გამო დაკისრებული 10-ლარიანი ჯარიმის არგადახდა.

სასჯელი:

• მე, ჩემმა ცოლმა და ჩვენმა ორ შვილმა უზომოდ დიდი სტრესი გამოვიარეთ;

• მანქანა ჩამომერთვა კვირა დილით, 27 აგვისტოს. მისი დაბრუნება, ყველაზე ადრე, 29 აგვისტოს (160 ₾) შეიძლებოდა. 10-ლარიანი ჯარიმის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ონლაინ, თუმცა პოლიციის ოფისები კვირას და ორშაბათს დაკეტილია (ეროვნული დღესასწაულის გამო);

• ახალციხეში სასტუმროს ფასი (200 ₾);

• ოჯახისა და ბარგის თბილისში და უკან ტრანსპორტირებაზე დახარჯული დრო და ფული (300 ₾);

• ჩემი მართვის მოწმობის დაუყოვნებლივ აღდგენაზე დახარჯული დრო და ფული: იუსტიციის სამინისტროსთვის გადახდილი 40 ₾, პოლიციისთვის გადახდილი 60 ₾; პოლიციაში (x2) და იუსტიციის სახლში რიგებში დახარჯული 4 საათი.  გაუგებარი მიზეზით, ერთი ფანჯრის პრინციპი არ მოქმედებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება, ხალხისთვის, ვისაც მანქანა ჩამოართვეს!

• 500-ლარიანი ჯარიმა მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვისთვის (რეალურად, მანქანის მართვისთვის, ისე, რომ არ ვიცოდი, მოწმობის მოქმედების შეჩერების შესახებ).

*     *     *

სარკასტული კომენტარი ჩემი ცოლის ფეისბუქპოსტზე: „20-ლარიანი ჯარიმის გადახდა თუ დაგავიწყდება ადამიანს, უნდა დაგხვრიტონ და მანქანასთან ერთად დაგწვან“.


სისასტიკის ამოღება სისტემიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ

ცხადია, ჩვენ ძალიან არ გაგვიმართლა. ზემოთ მოცემული დანაშაული-სასჯელის საფასური გაცილებით ჰუმანური იქნებოდა, თბილისში რომ გავეჩერებინეთ, მანქანაში ბავშვები არ მსხდარიყვნენ და ბარგი არ გვქონოდა, ეს მოხმდარიყო შუა კვირაში და სამუშაო საათებში.  თუმცა, განა უიღბლობა საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ უდანაშაულო (მაგრამ, შეიძლება, გულმავიწყი) მოქალაქეები ან ღმერთის მიერ გამოგზანილი სტუმრები ასე აწამო? უკეთესი არ იქნება, ქართული კანონები და რეგულაციები ისე გადაიწეროს, რომ ისინი ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდენისა და დანაშაულის პროპორციული გახდეს?

საქართველოს კანონების და რეგულაციების სისასტიკე ახალი ამბავი არ არის.

სააკაშვილის მთავრობის დამარცხებისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ სიძულვილის მიზეზი სწორედ სისხლის სამართლის სფეროში არსებული სასტიკი პრაქტიკა იყო.  სისხლის სამართლის სფეროდან სისასტიკის განდევნა ახალი მთავრობის, ქართული ოცნების მთავარი პრიორიტეტი და მიღწევაა.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციის სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქართული ბიზნესების და საერთაშორისო ბიზნესასოციაციების ძალისხმევით. მაგალითად, უკვე შეუძლებელია ბიზნესის საბანკო ანგარიშების უსასრულო ვადით დაყადაღება საგადასახადო დარღვევაზე ოდნავი ეჭვი არსებობის გამო.

ამ თემისთვის არაერთი გვერდი მიმიძღვნია, თუმცა საზოგადოებამ ჯერ კიდევ კარგად არ იცის იმ სისატიკის შესახებ, რომელიც ჩადებულია საქართველოს ადმინისტრაციულ პრაქტიკაში, როდესაც საქმე ეხება ოჯახებსა და ფიზიკურ პირებს. გაჭიანურებული ქმედებების გამო მინისტრის სკამები და ქვეყნის მართვის ლიცენზია არავის ჩამოერთმევა, ამიტომ საჭირო ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნებაც არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.


დრო ტირილისა და დრო სიცილისა (ეკლესიასტე, 3:4)

ნულოვანი ტოლერენტობის და დანაშაულის, კორუფციის, გადასახადებისთვის თავის არიდების, ჯარიმებისა და კომუნალური გადასახადების არგადახდის უმკაცრესად დასჯის გამართლება, შესაძლოა, 2004-2006 წლების რადიკალური რეფორმები იყოს, რომელთა მიზანიც იყო საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა (და მათი, ფაქტობრივად, ნულიდან აშენება). მართლაც, 10 წელზე მეტხანს გამეფებული უკანონობის შემდეგ, საჭირო გახდა საქართველოს მოქალაქებისა და ბიუროკრატების შეშინება, რომ მათ კანონი დაეცვათ. აქედან იღებს სათავეს დანაშაულის, კორუფციის და… ჯარიმების თუ კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმფციის არარსებობა.

სისხლის სამართლის დანაშაულში ან კორუფციაში ხართ ეჭვმიტანილი? მოემზადეთ ველური რბოლისთვის: ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობა საშინლად გადაჭედილ დაკავების ოთახში, წამება და შეურაცხყოფა, სანამ არ აღიარებთ დანაშაულს და არ დათანხმდებით ძვირადღირებულ საპროცესო გარიგებას. თუ გარიგებაზე არ დათანხმდებით (რატომ არ უნდა დათანხმდეთ?), მოქნილი სასამართლო ქართულ ციხეში მრავალწლიან ტანჯვას მოგისჯით. სარგებელი: ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ზიანი: ისჯება ბევრი უდანაშაულოც.

ორი დღით დაგაგვიანდათ ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა? ელექტროენერგიის მიწოდება შეგიწყდებათ, მიუხედავად გარემოებებისა, (მცირეწლოვანი ბავშვები ან ავადმყოფი ოჯახში). სარგებელი: გადასახადს იხდის ყველა, სრულად და დროულად. ზიანი: ვისაც გადახდა აგვიანდება (მაგალითად, ახალწვეულებს), არაპროპორციულ სასჯელს იღებენ.

საჯარო ადმინისტრირების წესების გასამარტივებლად დამატებითი რეფორმები გატარდა და ბევრ შემთხვევაში, სრულად აღმოიფხვრა ბიუროკრატიული დისკრეცია და მასთან დაკავშირებული კორუფციული რისკები.

მთავრობა ხიდის მშენებლობაზე აცხადებს ტენდერს? ტენდერში, რომელიც ანონიმურია და ელექტრონულად ტარდება, ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელი იმარჯვებს და ყურადღება არ ექცევა მის წინა გამოცდილებას. სარგებელი: საფასო შეთავაზებების შესწავლა რობოტს შეუძლია, შესაბამისად, კორუფციის რისკი არ არსებობს; მთავრობა ზოგავს ხარჯებს. ნაკლოვანება: ზოგჯერ ტენდერში იმარჯვებს კომპანია, რომელსაც სათანადო გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად, რისკის ქვეშ დგება მშენებლობა (თუ საერთოდ დასრულდა პროექტი) და იფლანგება საჯარო რესურსი (თუ მშენებლობა ვერ დასრულდება).

თქვენს კომპანიას ქართული საგადასახადო სამსახური ამოწმებს? შეცდომის დაშვების შიშით (რასაც არ აპატიებენ), საგადასახადო ინსპექტორები თვეებს ანდომებენ შემოწმებას; ნებისმიერ აღმოჩენილ დარღვევაზე კომპანიას ეკისრება მაქსიმალური დასაშვები ჯარიმა და ყადაღდება კომპანიის საბანკო ანგარიშები. სარგებელი: კომპანიები გადასახადებს სრულად და დროულად იხდიან. ზიანი: კომპანიები პარალიზდება, რაც კერძო და საჯარო შემოსავლის დაკარგვას იწვევს და მორალურ ზიანს აყენებს მათ.

ასეთი სისასტიკე საკმაოდ ეფექტური გამოდგა ადამიანების მოლოდინების შეცვლისა და ისეთი ახალი წონასწორობის სისტემაზე გადასვლისთვის, სადაც ადამიანი კარგად დაფიქრდება, ვიდრე უკანონო ქმედებას ჩაიდენს: ბიუროკრატები აღარ იღებენ ქრთამებს; მოქალაქეები აღარ სთავაზობენ ქრთამებს; კომპანიები და ოჯახები იხდიან გადასახადებს, ჯარიმებს, ელექტროენერგიის გადასახადს, მცირედი დაყოვნების გარეშე.

პოლიტიკის შემქმნელების წინაშე დგას გამოწვევა: მათ უნდა გაიზრონ, რომ სისასტიკე აღარ არის საჭირო იმ ახალი წონასწორობის შესანარჩუნებლად, სადაც ადამიანები მზად არიან, დროულად გადაიხადონ კომუნალური გადასახადები და ჯარიმები. საქართველოს პროკურორებს აღარ შეუძლიათ აღიარების გამოძალვა და მათ საქმეებს ახლა დამოუკიდებელი სასამართლოები მკაცრი სტანდარტით უძღვებიან. გამოიწვია თუ არა ამან ძალადობრივი ან საკუთრებასა თუ ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაულის ზრდა? ცხადია, არა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღარ აუპატიურებს თავის პატიმრებს, ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. კომპანიის საბანკო ანგარიშების დაყადაღებისთვის სასამართლოს ორდერის მოთხოვნასაც არ გამოუწვევია გადასახადების თავიდან არიდების შემთხვევების ზრდა.

*     *     *

სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა საშუალებას იყენებს, რომ კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა დროულად და სრულად გადაიხადონ ჯარიმები და გადასახადები. ისრაელში, ჩემს სამშობლოში, გადასახადის დაგვიანებით გადახდას საკმაოდ მკაცრი ფინანსური ჯარიმები მოჰყვება. და მათ თავს ვერ დააღწევთ: ფულის გადახდა გიწევთ ნებისმიერ დროს, როცა კი სახელმწიფოს მიადგებით რაიმე სერვისისთვის: მანქანის რეგისტრაციისთვის, ლიცენზიის გაგრძელებისთვის. ისრაელის მთავრობა, ალბათ, ძალიან ბედნიერია, როდესაც გადასახადის გადახდა გვიანდება, რადგან ნებისმიერ გადაცილებულ თანხაზე საბაზროზე მაღალ განაკვეთს და ჯარიმას აწესებს. საქართველოს მთავრობას, რომელიც ამაყობს ელექტრონული მართვითა და აიტი შესაძლებლობებით, შეუძლია, გამოიყენოს ისრაელის მოდელი და გაამდიდროს ის ტექსური შეტყობინებებით, რომლებიც ადამიანებს გადასახადის გადახდას შეახსენებს. ეს კარგი ბიზნესიც იქნება და სასიამოვნო ჟესტიც.


ერიკ ლივნი არის თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი.


მასალის გამოყენების წესები 

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები გადასვლასა და რეფორმებზე

ბიზნესის კეთების აუტანელი სიმსუბუქე საქართველოში

ორშაბათი, 15 აპრილი 2019
ბიზნესის კეთების აუტანელი სიმსუბუქე საქართველოში

საქართველოს სასამართლო სისტემა ზედმეტად ნელი და მოუქნელია ქართული კომპანიების უპასუხისმგებლო საქციელის სწრაფად და ეფექტურად დასასჯელად. ეს შესაძლოა კარგი იყოს ზოგიერთი...

საკმარისი თოკი რომ ჰქონდეთ, რეგულატორები ყველას ჩამოგვახრჩობდნენ

ორშაბათი, 25 თებერვალი 2019
საკმარისი თოკი რომ ჰქონდეთ, რეგულატორები ყველას ჩამოგვახრჩობდნენ

პროლოგი - „გრინ სფეის კაფე“ „გრინ სფეის კაფე“ პატარა ბიზნესია თბილისის გარეუბანში, დიღომში, Ford-ის სერვის ცენტრის გვერდით. ის თიბისი ბანკთან...

საქართველოს სურს გახდეს ევროპის ნაწილი, თუმცა თავი აარიდოს ევროკავშირის სტილის ბიუროკრატიას

ორშაბათი, 01 აპრილი 2019
საქართველოს სურს გახდეს ევროპის ნაწილი, თუმცა თავი აარიდოს ევროკავშირის სტილის ბიუროკრატიას

გილოცავთ პირველ აპრილს! დღეს, 2019 წლის 1 აპრილს, ყველასათვის მოულოდნელად საქართველოს მთავრობამ  გამოაცხადა 9 თვიანი მორატორიუმი ევროკავშირის სტილის რეგულაციების დანერგვის...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form