ეკონომისტის კომენტარი საგზაო მოძრაობაზე თბილისში

ეკონომისტის კომენტარი საგზაო მოძრაობაზე თბილისში

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

როგორც სტეფან დოულინგი რამდენიმე წლის წინ BBC-ის სტატიაში აღნიშნავდა: „გზის გადაჭრის საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს. ყველა ქვეყანაში ეს სხვადასხვანაირად ხდება.“ დოულინგის მიხედვით, ქვეყნის კულტურული ღირებულებების საკითხია ის, თუ როგორ ატარებს ხალხი მანქანას ან როგორ კვეთს ქუჩას. არის კი ეს ნამდვილად ასე?

საავტომობილო მოძრაობაში მონაწილე მხარეთა მავნე ჩვევები მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ზოგ მათგანში ნაწილობრივ მოხერხდა ამ მავნე ჩვევების აღმოფხვრა, საქართველოში კი ეს პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას. მეტიც, ხშირ შემთხვევაში ეს მავნე ჩვევები ადგილობრივებისთვის უკვე მოცემულობადაა მიჩნეული და პრობლემად აღარც კი აღიქმება. თბილისში პირველად მყოფი უცხოელისთვის  რუსთაველის, ჭავჭავაძის ან სხვა მთავარ გამზირებზე მოძრაობისთვის ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ  თბილისის საავტომობილო გადაადგილების სისტემაში პრობლემაა. დიახაც, პრობლემაა სისტემაში და არა კულტურაში.

თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ თამაშთა თეორიის მეშვეობით გავაანალიზებთ. გამოყენებითი მათემატიკის ეს დარგი, როგორც წესი, ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნების მქონე აგენტებს შორის სტრატეგიული ურთიერთმოქმედებების გასააზრებლად გამოიყენება .,,სტრატეგიული ურთიერთმოქმედება“ კი უბრალოდ მეცნიერული ტერმინია ისეთი თამაშების მიმდინარეობის აღსაწერად, როგორიცაა, მაგალითად, ჭადრაკი. რეალურ ცხოვრებაში ტაქსის მძღოლთან ფასზე ვაჭრობაც ამგვარი ურთიერთქმედების მაგალითია. საბედნიეროდ, რიგ შემთხვევებში  თამაშთა თეორია გვთავაზობს შესაძლო გამოსავალს.

თამაშთა თეორიის ამ შემთხვევისთვის არსებითი მიგნებებიდან პირველი არის ის, რომ ქალაქში მოძრაობის მონაწილეების ქმედებებს განსაზღვრავს მათი მოლოდინები იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცევიან სხვა მონაწილეები. მაგალითად, თუ ფეხით მოსიარულე არ მოელის, რომ ზებრაზე გადასვლისას მძღოლი მას გზას დაუთმობს, ის შეყოვნდება მანამ, სანამ 120 პროცენტით არ დარწმუნდება, რომ მოახლოებული მანქანა მართლაც ჩერდება. შეცდომის უზარმაზარი საფასურიდან გამომდინარე, ქალაქში მოძრაობის მონაწილეები მტკიცედ მიჰყვებიან ზემოხსენებულ სტრატეგიას და შესაბამისად საბოლოო შედეგიც სტაბილურად უცვლელია, ფეხით მოსიარულეებს გზას არ უთმობენ.  ჩემი ყველა მცდელობა, წავიდე არსებული რეალობის წინააღმდეგ და დავუთმო გზა ფეხით მოსიარულეებს, მთავრდება მანქანის ბოლომდე გაჩერებით და  ხანგრძლივი ხელის ქნევით მანამ, სანამ მათი მოლოდინები შესაბამისად არ შეიცვლება და გაოცებულები არ გადაკვეთენ გზას.

იმავე ლოგიკით, თბილისის სატრანსპორტო მოძრაობაში გათვიცნობიერებული არცერთი მძღოლი ზებრასთან არ უნდა უნელებდეს სვლას იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. ფეხით მოსიარულე მაინც არ დაიჯერებს, რომ გზას უთმობენ და მოთმინებით დაელოდება მანქანის გავლას (ან გაჩერებას იმ იშვიათ შემთხვევაში, როცა მძღოლი უცხოელი ან უჩვეულოდ თავაზიანია). მეტიც, მძღოლისთვის ზებრასთან შენელებაზე უფრო გონივრული აჩქარებაა. ამ საქციელით იგი ნათლად მიანიშნებს ფეხით მოსიარულეს, რომ გაჩერებას არ აპირებს, რათა ქვეითმა გზის გადაჭრა გულშიც კი არ გაივლოს.

ის, რომ ეს „არაცივილური“ შედეგი (როცა ქვეითებისთვის გზის არდათმობა უკვე ტრადიციაა) სტაბილურია, თამაშთა თეორიის ამ შემთხვევისთვის არსებითი მიგნებებიდან  მეორეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რაც იციან ერთმანეთის შესახებ, არც ფეხით მოსიარულეებისთვის და არც მძღოლებისთვის სამოქმედო სტრატეგიის შეცვლას აზრი არ აქვს. შედეგად ვიღებთ თბილისს „არაცივილურ“ წონასწორობაში (კიდევ ერთი მეცნიერული ჟარგონი თამაშთა თეორიიდან) მანამ, სანამ ვინმე (პოლიტიკოსი) არ შეიწუხებს თავს და არ შეცვლის თამაშის წესებს, რაც თვისობრივად თამაშის მონაწილეების მოლოდინების შეცვლას გულისხმობს.

სხვანაირადაც რომ შეიძლება, ამის დასტური ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის უმეტესი ქალაქებია, სადაც თბილისთან შედარებით აბსოლუტურად საპირისპირო სურათია — მძღოლები პატივს სცემენ ფეხით მოსიარულეთა უფლებებს და ქვეითებიც თავდაჯერებით იყენებენ ამ უფლებებს. ასეთი წონასწორული მდგომარეობა უბრალოდ კი არ არსებობს, არამედ საკმაოდ სტაბილურიცაა. თუ მძღოლი მოელის, რომ ფეხით მოსიარულემ ზებრაზე უნდა გაიაროს, ის უნელებს სვლას იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ქვეითი ფეხს დადგამს ზებრაზე. შესაბამისად, ფეხით მოსიარულე, მოელის რა მძღოლისგან ასეთ მოქმედებას, უყოყმანოდ კვეთს ქუჩას. შედეგი სტაბილურია, იმიტომ რომ გერმანელი მძღოლი „თბილისურად“ არ მოიქცევა (რადგან ამისთვის ციხეში აღმოჩნდება) და შესაბამისად, არც გერმანელ ფეხით მოსიარულეს აქვს ქუჩის გადაჭრისას ყოყმანის მიზეზი.

სანამ პრობლემის გადაჭრის მეცნიერულ მეთოდზე გადავალთ, მინდა აღვნიშნო რომ ზუსტად იგივე კითხვები დაისმის სხვა ტიპის სტრატეგიულ ურთიერთქმედებების დროსაც.  მათ შორის მნიშვნელოვანი მაგალითია წვრილმანი კორუფცია, როგორც ურთიერთქმედება ქრთამის ამღებსა და მიმცემს შორის.  საქართველოს ბოლოდროინდელი გამოცდილებიდან (კარგიც და ცუდიც) ადვილი შესამჩნევია,რომ კარგად გამიზნულმა პოლიტიკამ ან კანონისა და წესრიგის დარღვევამ შეიძლება სწრაფად გადაგვიყვანოს ერთი წონასწორული მდგომარეობიდან მეორეში. მეტიც, კარგად განსაზღვრულ მტკიცე პოლიტიკას არა მხოლოდ მოლოდინების, არამედ კულტურის შეცვლაც კი შეუძლია.

აშკარაა, რომ სიტუაციიდან გამოსავალი პოლიტიკის გამკაცრებაა.  საჭიროა მაღალი ჯარიმები და მკაცრი აღსრულება, როგორც მძღოლების, ასევე ფეხით მოსიარულეთა მიმართ. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობის წესებს, საქართველოს უკვე აქვს უსაფრთხოების ღვედებთან დაკავშირებული დადებითი გამოცდილება. პოლიტიკამ უაღრესად კარგად იმუშავა და გამოიწვია მძღოლების მოქმედების მყისიერი ცვლილება. იდეალურ  შემთხვევაში წესები ნებისმიერი დარღვევისთვის უნდა გამკაცრდეს მათ შორის ძალიან გავრცელებულ ტროტუარებზე პარკირებისთვისაც, რაც ქვეითებს კიდევ უფრო უზღუდავს მათთვის გამოყოფილ ისედაც შეზღუდულ სივრცეს. მისახედია მიწისქვეშა გადასასვლელებიც, რომლებიც ხშირად დაბინძურებული და ჩაბნელებულია, რაც ფეხით მოსიარულეებს გადასვლის დამატებით საბაბს უჩენს საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, სადაც გადასვლა ნებადართული არ არის, მითუმეტეს, რომ ამ დარღვევაზე ჯარიმა სასაცილოდ მცირეა (მხოლოდ 3 ლარი). რა თქმა უნდა, ამ ჯარიმის გაზრდაც მიზანშეწონილია.

გასაგები მიზეზების გამო, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში საჭიროა კანონის განსაკუთრებული სიმკაცრით აღსრულება, რათა სატრანსპორტო მოძრაობის მონაწილეებმა მოახერხონ მათი მოლოდინებისა და შესაბამისად საქციელის სათანადოდ შეცვლა. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, აღსრულების ინტენსივობა (და მასთან დაკავშირებული ხარჯები) შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს კიდეც იმიტომ, რომ ახალი წონასწორულ მდგომარეობა მდგრადია, ყოველ შემთხვევაში თამაშთა თეორიის თვალსაზრისით.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები კულტურასა და ეკონომიკაზე

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019
ერთიანობა ან დანაწევრება

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018
რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

კონსუმერიზმი საბჭოთა პერიოდიდან დღემდე

პარასკევი, 07 ნოემბერი 2014
კონსუმერიზმი საბჭოთა პერიოდიდან დღემდე

გარკვეულწილად, საბჭოთა კავშირში ცხოვრება მარტივი იყო. მომხმარებლებს მცირე არჩევანი ჰქონდათ, და მატერიალური მისწრაფება შემოიფარგლებოდა სამი რამით: „კერძო სახლით, მანქანითა და...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form