ნდობა მნიშვნელოვანია!

ნდობა მნიშვნელოვანია!

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

ConfidenceMatters3

2014 წლის ბოლოს, ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ქართველ მომხმარებელთა განწყობა მკვეთრად გაუარესდა. 2015 წლის თებერვალში ინდექსი გამყარდა ძალიან დაბალ, -35-30 მაჩვენებელზე და მას შემდეგ ოდნავ გაუმჯობესდა. 2015 წლის ივლისში ეს მცირედი პოზიტიური ტენდენცია შეიცვალა, აგვისტოში კიდევ 4.1 მაჩვენებლით დაეცა და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, -38 პუნქტის სახით. საინტერესოა, რომ მთელი ეს ვარდნა განაპირობა ასაკოვანმა, 35 წელს ზემოთ რესპოდენტების პასუხებმა. ამ საკითხს სტატიის მეორე ნაწილში კვლავ დავუბრუნდებით.

ConfidenceMatters4

როგორც ჩანს, ქართული კომპანიებიც შეაშფოთა ლარის გაუფასურებამ. დაგვიანებით, მაგრამ 7 თვის შემდეგ, ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) მკვეთრად დაეცა 2015 წლის მეორე კვარტალში. მომხმარებელთა მოთხოვნა და გაყიდვები მთელი ამ 7 თვის განმავლობაში იკლებდა. ბიზნესის განწყობის ინდექსი დაეცა მთელი 24.5 პუნქტით და მიაღწია ყველა დროის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს (3.6 პუნქტს)  -100;100 სკალაზე. 2015 წლის აპრილში ჩატარებული 168 კომპანიის გამოკითხვის თანახმად, ბიზნესის განწყობის ინდექსი დაეცა ყველა საზომით, ყველა სექტორსა და ყველა ზომის ფირმისთვის. უფრო მეტიც, ღრმა პესიმიზმი აისახა როგორც ბიზნესის აღქმაზე, ისე მის მოლოდინზე მომავალთან დაკავშირებით.

ბიზნესის განწყობის ინდექსის მესამე კვარტალში მიღებული მონაცემები ბევრად უფრო დადებით სურათს აჩვენებდა. 211 გამოკითხული კომპანიის თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ მეორე კვარტალში გარკვეული სირთულეები გამოიარეს (რაც აისახა დაბალ გაყიდვებში, ბრუნვასა თუ წარმოების რაოდენობაში), რითიც დადასტურდა ჩვენ მიერ ჩატარებული წინა გამოკითხვის შედეგები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბიზნესები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი მომავალთან დაკავშირებით. ბიზნესის მოლოდინი გაიზარდა 30 ინდექსის ერთეულით, რითიც თითქმის მთლიანად დააკომპენსირა 2015 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული განწყობის ვარდნა.

რა შეიძლება ვისწავლოთ მომხმარებელთა და ბიზნესის განწყობების ინდექსებში დაფიქსირებული ცვლილებებისგან? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა უნდა გავაკეთოთ (როგორც ქართველმა პოლიტიკოსებმა და გადაწყვეტილებების მიმღებებმა)?


შევიკრათ ღვედები და დავტკბეთ ატრაქციონით?

უპირველეს ყოვლისა, უნდა განვმარტოთ, რომ „განწყობა“ არ არის მხოლოდ აკადემიური საზომი. ადამიანების აღქმა ყალიბდება მათ მიერ წარსულსა და აწმყოში მიღებული გამოცდილებიდან. განწყობა საკმაოდ მნიშვნელოვანია ინდივიდუალური თუ ბიზნეს-გადაწყვეტილების მიღებისას, რაც გავლენას ახდენს მომავალზე, ამიტომ ის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანის ოპტიმიზმის (ან პესიმიზმის) დონე გავლენას ახდენს მის „მიკროეკონომიკურ“ ქცევაზე (იყიდოს თუ არა იპოთეკური სესხით ბინა, დღეს გააკეთოს ინვესტიცია თუ ხვალ), რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს ყველა მაკროეკონომიკურ  ცვლადზე: შემოსავლებზე, ფასებზე, დასაქმებასა და სხვა. 

ეკონომისტებმა დიდი ხანია გააცნობიერეს, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებები (და შედეგები) დამოკიდებულია განწყობაზე. მაგალითად, ბანკირთა გადაჭარბებულმა სიფრთხილემ შეიძლება გააღრმავოს კრიზისი ან შეაფერხოს ეკონომიკური ზრდა. ამიტომ მომხმარებელთა და ბიზნესის განწყობები არის სხვადასხვა ბიზნესის ციკლების ეკონომიკური თეორიების ნაწილი. ბიზნესის განწყობა ითვლება მიწოდების მხარის ფაქტორად, რაც გავლენას ახდენს ინვესტიციებზე, წარმოებასა და ფასებზე. ანალოგიურად, მომხმარებელთა განწყობა არის მოთხოვნის ფაქტორი, რაც განსაზღვრავს, რას ხარჯავენ ადამიანები (საქართველოში, შიდა მომხმარებლები ქმნიან საერთო მოთხოვნის 85%-ს). როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის პირობებზე გავლენის მოხდენით ბიზნესის განწყობა საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ყველა მაკროეკონომიკურ ცვლადზე: შემოსავლის დონე, ფასები, დასაქმება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აღქმაში მომხდარი ცვლილებები არის რეალური ეკონომიკის განვითარების მიზეზიცა და შედეგიც, აკადემიური ლიტერატურა მდიდარია ურთიერთსაწინააღმდეგო ემპირიული მტკიცებულებებით, განწყობა მართავს ბიზნეს-ციკლს თუ პირიქით. ზოგიერთი ავტორი, მაგალითად, სალმონდი (2009 წ.) ამტკიცებს, რომ განწყობა, როგორც გამომწვევი მიზეზი, არის გადაჭარბებული და გაზვიადებულად აფასებს პოლიტიკისა და მედიის (საზოგადოების აღქმის მთავარი შემქმნელები) გავლენას. სხვანი, მაგალითად, ლედაკი და სტილი (2010 წ.), საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

აკადემიური მკვლევრები შეიძლება ვერასდროს შეთანხმდნენ ბიზნესის მამოძრავებელი მიზეზობრივი მექანიზმების შედარებით ძალაზე. თუმცა უდავოა, რომ საზოგადოების აღქმასა და მოლოდინებს მცირე გავლენა მაინც აქვს ეკონომიკურ მოვლენათა მსვლელობაზე. ამისი მაგალითია აშშ-ის ეკონომიკის მცირე რეცესია, რაც მოჰყვა 1990 წლის მესამე კვარტალში ერაყის შეჭრას ქუვეითში (სახელმძღვანელო მაგალითი ოლივერ ბლანშარდის მაკროეკონომიკაში). იმის შიშით, რომ აშშ ჩაერთვებოდა ხანგრძლივ და ძვირადღირებულ ომში, მომხმარებლებმა ბევრად ადრე შეამცირეს საკუთარი ხარჯები, ვიდრე სპარსეთის ყურის ომი დაიწყებოდა, რამაც ეკონომიკა მოულოდნელ 2-კვარტლიან რეცესიამდე მიიყვანა.

გამოდის, თუ მოლოდინები და საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მათ, ვინც ამ აზრს აყალიბებს: გადაწყვეტილების მიმღებთ, პოლიტიკოსებსა და მედიას.


პოლიტიკა, მედია და რეალური ეკონომიკა

ჩვენი მოლოდინები ყალიბდება როგორც ჩვენივე პირადი გამოცდილების (მაგალითად, ჩვენი გაყიდვების მაჩვენებელი, როგორ გვექცევა ადგილობრივი გადასახადების ინსპექტორი) საფუძველზე, ისე ეკონომიკაში მიმდინარე სხვა მოვლენებზე დაყრდნობით, რომელთა შესახებაც არ გვაქვს პირადი ცოდნა. ცოტა ქართველს აქვს სწორი წარმოდგენა საქართველოს ბანკის მანდატსა და მის მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებზე, ან ცოტა თუ ხედავს პირდაპირ სარგებელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებიდან. ანალოგიურად, ცოტა ქართველო მომხმარებელი არის სრულად ინფორმირებული (ან ხედავს ნებისმიერი სახის დაუყოვნებელ სარგებელს) საქართველოს საზღვაო, საჰაერო და საგზაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უწყვეტი განვითარების შესახებ. სწორედ აქ ერთვება მედია (ძირითადად ტელევიზია, მაგრამ უკვე თანდათანობით სოციალური ქსელები და ახალი ამბების ონლაინ პორტალები). მედია ემსახურება პოლიტიკური გზავნილების გაფილტვრას, შეფუთვასა და გამძაფრებას. ისინი (და მათი მფლობელები და რედაქტორები) წყვეტენ, პირდაპირი ეთერის რა დრო უნდა დაეთმოს პოზიტიურ თუ ნეგატიურ სიახლეს და როგორ წარუდგინოს ინფორმაცია საზოგადოებას.

ნებისმიერ სისტემაში პოლიტიკური პროცესი გულისხმობს მედიის კონტროლს. ოლიგარქიული და ტოტალიტარული რეჟიმებისგან განსხვავებით, დემოკრატიული წყობა გულისხმობს არა მხოლოდ კონკურენტულ არჩევნებს, არამედ კონკურენტულ და მრავალფეროვან მედიას, რაც საშუალებას აძლევს ხალხს, ჰქონდეს საკმაო რაოდენობის (მიკერძოებული) ინფორმაციის მიღების წყარო. ქართული მედიის კონკურენტულობის ხარისხი არის ქართველი მედია ექსპერტების და არა ეკონომისტების შეფასების სფერო. თუმცა, ჩვენ მიერ შეგროვილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ქართველი მომხმარებლების აღქმა საკმაოდ მკვეთრად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მედიისგან იღებენ ინფორმაციას.

მართალია, 2014 წელს დაფიქსირებულმა ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ ერთნაირად მოახდინა გავლენა ყველა ქართველ მომხმარებელზე (და ბიზნესზე), მაგრამ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ უფრო ახალგაზრდა მომხმარებლების განწყობის ნელ, მაგრამ სტაბილურ გაუმჯობესებას. 2015 წლის აგვისტოში, მომხმარებელთა ნდობის ინდექსი ახალგაზრდა (35 წელს ქვემოთ) მოსახლეობისთვის გაიზარდა -30.3 პუნქტამდე (1.2 პუნქტით). საწინააღმდეგო ტენდენცია დაფიქსირდა 35 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის, რამაც განაპირობა 14 პუნქტიანი სხვაობა ამ ორი ასაკობრივი ჯგუფის განწყობებს შორის. აღქმებს შორის არსებულ სხვაობას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ერთ-ერთი მათგანი, სულ მცირე,  შეიძლება დაკავშირებული იყოს ასაკოვანი ქართველების საკმაოდ დიდ დამოკიდებულებაზე ტელევიზიებზე. ფრიად შესაძლებელია, რომ ასაკოვან თაობაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს ტელევიზიების ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული ისტერია და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისას განცდილი ე.წ. „მარცხი“.

ვინაიდან საქართველოში მომავალ წელს მნიშვნელოვანი არჩევნებია, სავარაუდოდ, წინ გველის უფრო მეტი პოლიტიკური უთანხმოება და ორმხრივი ბრალდებები, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ვინმეს განწყობის გაუმჯობესებას ქვეყანაში, მის ეკონომიკასა თუ პოლიტიკაში. ასეთ დროს ქართულ ეკონომიკას სჭირდება ჯანსაღი ეკონომიკური ანალიზი, შესაძლო ვარიანტების ღია და პროფესიული განხილვა და დიალოგი სხვადასხვა მხარეებს შორის. სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, მსგავსი რამ მოხდეს მომდევნო 11 თვეში, რაც კიდევ უფრო ამცირებს მოლოდინების და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის სწრაფი გაჯანსაღების შანსს.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები კულტურასა და ეკონომიკაზე

ერთიანობა ან დანაწევრება

ორშაბათი, 17 ივნისი 2019
ერთიანობა ან დანაწევრება

ნორმები და კანონები არსებობს იმისთვის, რათა ხალხში ჩამოაყალიბოს პრო-სოციალური ქცევა და თანამშრომლობის უნარი. თუ ქართველებს არ მოსწონთ ერთმანეთი, არ ზრუნავენ...

რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

კვირა, 07 ოქტომბერი 2018
რასაცა გასცემ შენია - თბილისის ტაქსის მძღოლებზე ახალი თვალსაზრისი

თბილისში 11 წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ მუდმივად ვატარებ „ერიკ ლივნისეულ ტაქსის ექსპერიმენტს“. ექსპერიმენტი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ ჯერზე, როდესაც...

კონსუმერიზმი საბჭოთა პერიოდიდან დღემდე

პარასკევი, 07 ნოემბერი 2014
კონსუმერიზმი საბჭოთა პერიოდიდან დღემდე

გარკვეულწილად, საბჭოთა კავშირში ცხოვრება მარტივი იყო. მომხმარებლებს მცირე არჩევანი ჰქონდათ, და მატერიალური მისწრაფება შემოიფარგლებოდა სამი რამით: „კერძო სახლით, მანქანითა და...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form