საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

რეიტინგი: 4 / 5

ვარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი აქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

თომას დე ვაალი საყოველთაოდ ცნობილი სახელია კავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებასა და კონფლიქტებზე საუბრისას. თომასის ლექციამ, რომელსაც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მასპინძლობდა, უამრავი ახალგაზრდა ქართველის ყურადღება მიიპყრო. დამსწრეთა უმრავლესობა მეტად ახალგაზრდა იყო იმისათვის, რომ უშუალო შეხება ჰქონოდა საქართველო-აფხაზეთის თითქმის 30 წლიან კონფლიქტთან. პოლიტიკურად მოტივირებული გამოსვლებისაგან დაღლილ ბევრ მათგანს ობიექტური შეხედულების მოსმენა სურდა და ყველა მოელოდა ახალ იდეებს პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ.

თუმცა, თომასმა ძალიან მცირე ახალი ინფორმაცია თუ იდეა წარმოადგინა. ამის ნაცვლად, ზუსტად ისე, როგორც ლექციის სათაურში იყო ნათქვამი, მან ქართულ-აფხაზური კონფლიქტი გრძელვადიან პერსპექტივაში მიმოიხილა, რომლის ნაწილიც იყო მე-19 საუკუნის მივიწყებული ბრძოლა ევროპის ორ ახლადწარმოქმნილ „ნაციონალურ სახელმწიფოს“ შორის. ეს ორი სახელმწიფო გერმანია და დანია გახლდათ. აღნიშნული კონფლიქტის მიზეზი კი მათ შორის საზღვარზე მდებარე ორი საჰერცოგო,  შლეზვიგი და ჰოლშტაინი, რომლებიც დაყოფილი იყო ეთნიკური მახასიათებლის მიხედვით დანიელებს (რომლებიც კონცენტრირებულნი იყვნენ ჩრდილოეთ შლეზვიგში), ფრიზებსა და გერმანელებს შორის.

თითქმის 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში გერმანიასა და დანიას შორის გაიმართა ორი სისხლისმღვრელი ბრძოლა შლეზვიგისა და ჰოლშტაინის თავიანთი სახელმწიფოებისათვის შეერთების უფლების მოსაპოვებლად. მეორე 1864 წელს გამართული ბრძოლა უკეთ ორგანიზებული პრუსიის არმიის სახელგანთქმული გამარჯვებით დასრულდა. შედეგად, ბისმარკის გერმანიამ, თავის იმჟამინდელ მოკავშირე ავსტრიასთან ერთად, სრული კონტროლი დაამყარა ორივე საჰერცოგოზე და ისინი ახლად ფორმირებულ გერმანიის იმპერიას შეუერთა. ამან დაახლოებით 200,000 ეთნიკური დანიელის გერმანული მმართველობის ქვეშ მოქცევა გამოიწვია.

სამხედრო დამარცხება და ტერიტორიების დაკარგვა არ იყო უმნიშვნელო საკითხი დანიელებისთვის, რომლებიც შლეზვიგს დანიის უძველეს და უმთავრეს რეგიონად თვლიდნენ (შლეზვიგის სამხრეთი ნაწილი მოიცავს ძველი დანიური ვიკინგების „დედაქალაქ“ ჰედებიუსის ნანგრევებს). ბევრი დანიელი გამოდევნილ იქნა ტერიტორიიდან, სხვებმა კი არჩიეს მიგრაცია დანიაში ან მის საზღვრებს მიღმა. ამ ომის ტრავმა იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმისა, რომ დანიას 1999 წლამდე  სამხედრო ძალა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გაუგზავნია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელები და დანიელები ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ გაერთიანებულ და მშვიდობიან ევროპაში. შლეზვიგ-ჰოლშტაინი, რომელიც ადრე საომარი ზონა იყო, დღეს ბევრად უფრო სახელგანთქმულია თავისი ქარის ფერმებით, ვიდრე წარსული კონფლიქტებით. თანამედროვე დონ კიხოტის მიერ ადგილობრივ ქარის წისქვილებთან ბრძოლის წამოწყება უფრო ადვილი წარმოსადგენია, ვიდრე ნამდვილი ომის შესაძლებლობა ამ ორ მეზობელ ერს შორის. მართლაც, მხოლოდ გიჟი თუ დაიწყებდა ომს “Willkommen in Deutschland” (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში) და “Velkommen til Danmark”(კეთილი იყოს თქვენი მობრძნება დანიაში) ნიშნების ზუსტი ადგილმდებარეობის გამო დღევანდელ გაერთიანებულ ევროპაში.

რისი სწავლა შეუძლიათ ქართველ ახალგაზრდებს ორ ევროპელ ერს შორის მე-19 საუკუნეში არსებული დიდი ხნის მივიწყებული კონფლიქტის ისტორიიდან?

თომას დე ვაალს თუ დავუჯერებთ, ტერიტორიული კონფლიქტები არასდროსაა „გაყინული“. ისინი  განიცდიან ევოლუციას. პირველ რიგში, ჩვენი კოლექტიური მეხსიერება და წარსულ მოვლენათა აღქმა დროთა განმავლობაში იცვლება. კონფლიქტების თავდაპირველი მიზეზები საკმაოდ მალე ეძლევა დავიწყებას და ისტორიას მხოლოდ ტრავმა რჩება - დაკარგული სიცოცხლე, ტერიტორია და იძულებითი მიგრაცია. ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდის შემდეგ კონფლიქტები შესაძლოა მთლიანად ამოიშალოს მეხსიერებიდან.

მეორე, რაც ასევე იცვლება არის ის გეოგრაფიული კონტექსტი, რომელშიც კონფლიქტები წარმოიშობა და მიმდინარეობს. განსაკუთრებით, გარე ძალების ინტერესებმა შესაძლოა (და ხშირად ასეც ხდება) გამოიწვიოს ალიანსების რეკონფიგურაცია. 1853-56 წლებში ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რუსეთი მწვავე ყირიმის  ომში ჩაითრიეს, რათა თავიდან აერიდებინათ მის მიერ ტერიტორიებისა და ძალაუფლების მითვისება ოტომანთა ხარჯზე. თითქმის 10 წლის შემდეგ, 1864 წელს, რუსეთი, საფრანგეთი და ბრიტანეთი გაერთიანებული აღმოჩნდნენ დანიის დასახმარებლად, რათა შეეჩერებინათ გერმანიის ამბიციები ხელში ჩაეგდო ძალაუფლება და ტერიტორია დანიის სახელმწიფოს ხარჯზე. დე ვაალი ახდენს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ლორდ პალმერსტონის ციტირებას, რომელმაც აღნიშნული კონფლიქტის დროს შემდეგი ცნობილი სიტყვები წარმოთქვა: „ჩვენ არ გვყავს მარადიული მოკავშირეები ან მუდმივი მტრები. ჩვენი ინტერესებია მარადიული და მუდმივი და ჩვენი მოვალეობაა ამ ინტერესებს ვემსახუროთ.“

თუმცა აუდიტორიაში მყოფი ახალგაზრდა ქართველების მიერ დასმულ შეკითხვებს თუ გავიხსენებთ, შეგვიძლია უდაოდ ვთქვათ, რომ ისინი ამ კონფლიქტებს არ დაივიწყებენ და არც დათმობენ. "რამდენი ნამდვილი აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში?" "რამდენი მათგანი ნანობს ისტორიული სამშობლოსგან დაშორებას?"

ანალოგიურად, ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკოსების, როგორიცაა ფედერიკა მოგერინი (ციტირებული დე ვაალის მიერ), უკანასკნელი განცხადებები ადასტურებს ევროპის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 2018 წელს ევროპარლამენტში გამოსვლისას, მოგერინი აცხადებდა: „ყოველი ჩვენი მოქმედება აფხაზეთსა და ოსეთში შეთანხმებულია ... და დადასტურებულია საქართველოს მთავრობის მიერ, და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სამოქმედო პოლიტიკასთან“. აქედან გამომდინარე, არც ამ მნიშვნელოვან ფრონტზე ჩანს გაფერმკრთალებისა თუ ამნეზიის ნიშნები.

თომას დე ვაალის აზრით, ევროკავშირმა უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს დამოუკიდებელი მოქმედების სტრატეგია - სტრატეგია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიუღებელი იქნება თბილისისთვის, მაგალითად: ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გახსნა სოხუმში, აფხაზი სტუდენტებისთვის ევროპაში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, ან აფხაზეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, მისი განვითარების ხელშეწყობა. ის ამტკიცებს, რომ სანამ „რეგიონში ყველა მოთამაშეს  ხელები აქვს შეკრული, ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვს მანევრირების საშუალება.“

დე ვაალი გამოსვლას აჯამებს გაფრთხილებით. თუ არსებული ჩიხში შესული მდგომარეობა დიდხანს გასტანს, ის ვარაუდობს, რომ მსოფლიო მალე დაივიწყებს ყველაფერს. ხუთ წელიწადში ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შესაძლოა გახდეს „ისეთივე უმნიშვნელო, როგორც შლეზვიგ-ჰოლშტაინისთვის დაპირისპირება, მხოლოდ ევროპის პერიფერიულ ნაწილში“.

ტერიტორიული კონფლიქტები 21- საუკუნეში: გაყინული და არა დავიწყებული!

მსოფლიომ შეიძლება მალე ჩაიქნიოს ხელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე. თუმცა, თომას დე ვაალის შეხედულების საწინააღმდეგოდ, როგორც ჩანს, ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს კონფლიქტები გახდეს „უმნიშვნელო“ ისევე, როგორც შლეზვიგ-ჰოლშტაინის „საკითხი“ გაქრა მსოფლიოს დღის წესრიგიდან მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში.

პირველი და ყველაზე აშკარა მიზეზი არის ის, რომ სისხლიანი კონფლიქტი და დანაკარგი ჯერ კიდევ ცოცხლობს ორივე ერის კოლექტიურ მეხსიერებაში. ოცდაათი წელი, თვალნათლივ, არ არის საკმარისი ხალხისთვის ამ ყველაფრის დასავიწყებლად და ცხოვრების ჩვეული ტემპით გასაგრძელებლად.

მეორე მიზეზი არის ის, რომ კონფლიქტის საერთაშორისო კონტექსტი 1990-იანი წლების შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდა. ბორის ელცინის რუსეთი ეძებდა კომპრომისებს დასავლეთთან ურთიერთობისას. პუტინის რუსეთი კი აღორძინებული ძალაა, რომელიც მხოლოდ დომინაციას და აღიარებას ეძებს. ამ გარემოში საქართველოს ტერიტორიული საკითხები მსოფლიოს მთავარი სუპერძალების დიდ თამაშში აღმოჩნდა ჩახლართული. და ამის გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხების გადაჭრა მხოლოდ სუპერძალებს შორის გავლენის სფეროებზე დიდი შეთანხმების მიღწევის შედეგად მოხდება. ამჟამად, ამგვარი შეთანხმების მიღწევის ალბათობა საკმაოდ მცირეა.

მემასე მიზეზი არის ის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო სამართლებრივი წყობა მიმართულია ტერიტორიული კონფლიქტების გაყინვისკენ და არა მათი წაშლისკენ მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგიდან:

  • გერმანიამ და დანიამ, ისევე როგორც ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობამ, შეძლეს კონფლიქტების „დავიწყება“ მე-19 საუკუნის სამართლებრივი გარემოს პირობებში, როცა „ეროვნული“ საზღვრები მუდმივად იცვლებოდა ომებისა და დაპყრობების შედეგად. იმ კონტექსტში, ეროვნულ გლოვასა და დანაკარგთან გამკლავების ციკლი დიდხანს არ გრძელდებოდა. ადამიანებს არ ჰქონდათ სხვა არჩევანი გარდა უარყოფიდან მრისხანებაზე, მრისხანებიდან ვაჭრობაზე, ვაჭრობიდან დეპრესიის სტადიაზე სწრაფად გადასვლისა და ბოლოს ისინი იღებდნენ ახალ რეალობას.
  • 1945 წლის ივლისში შეიქმნა გაეროს ამჟამინდელი წესდება დაპყრობისა და გამოყოფის დელეგიტიმიზაციისათვის. მიზნის მისაღწევად მათ გამიჯნეს არსებული პოლიტიკური ერთეულები და დაადგინეს მათი საზღვრები (ზოგიერთი მათგანი იმპერიული ხელისუფლების დროს კარტოგრაფების მიერ შესრულებული ნახაზების მიხედვით), არ შექმნეს სწორხაზოვანი სამართლებრივი პროცედურა კანონიერად აღიარებული სახელმწიფოების დასაშლელად (მაშინაც კი თუ ისინი სრულიად უფუნქციონი იყვნენ) ან ახალი დამოუკიდებელი ერთეულების შესაქმნელად თავიანთი მშობელი სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე, 12-ზე მეტი სახელმწიფო მსოფლიოს გარშემო, მათ შორის ტაივანი, აღმოჩნდა „გაყინული“ გაურკვეველ მდგომარეობაში. დანაკარგთან შეგუების პირველი სამი სტადიის - უარყოფა, მრისხანება და ვაჭრობა - გასვლის შემდეგ შესაბამისი კონფლიქტების მხარეები ჩარჩნენ „დეპრესიის“ სტადიაში, მიღების - „დავიწყებისა და ცხოვრების გაგრძელების“ კანონიერი უფლების გარეშე.

მე არ ვეთანხმები თომას დე ვაალის პროგნოზს, ვინაიდან "დავიწყება" გაერო-ს წესდებით დაქვეითებულია და არ არის დაშვებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გარშემო არსებული გლობალური კონტექსტით. „დავიწყების“ არჩევანი არც საქართველოსა და აფხაზეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას. საკმაოდ ბევრი ადამიანი შეეწირა ადრეული 1990-იანების ქაოსსა და სისხლისმღვრელ ბრძოლებს. საკმაოდ ბევრმა დაკარგა სახლი და ყველაფერი ძვირფასი - დღემდე დროებითი საცხოვრებლის ბინადრები არიან, ძლივს გააქვთ თავი და ოცნებობენ თავიანთ „დაკარგულ სამოთხეზე“. 

*     *     *

„დავიწყება“ ამ პირობებში შეუძლებელი და უადგილოც კი ჩანს, მაგრამ არის კი ის მართლა ასეთი ცუდი არჩევანი? სწორედ „დავიწყებისა და ცხოვრების გაგრძელების“ უნარმა მოუტანა მშვიდობა და ერთიანობა საუკუნეების განმავლობაში ეროვნული დამოუკიდებლობის სურვილით, რელიგიური თუ იდეოლოგიური ფანატიზმით მოტივირებული ბრძოლებით განადგურებულ ევროპას. საქართველოს სურს გახდეს თანამედროვე გაერთიანებული ევროპის ნაწილი. თუმცა, ჯერჯერობით ის ჩარჩენილია რეგიონში, რომელიც ისევეა დაყოფილი მავთულხლართებით, ომითა და (გაყინული) კონფლიქტებით, როგორც მეორე მსოფლიო ომამდელი ევროპა.

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები დეკომრატიულ მმართველობაზე

საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

ორშაბათი, 14 იანვარი 2019
საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: არის კი „დავიწყება“ არჩევანი?

თომას დე ვაალი საყოველთაოდ ცნობილი სახელია კავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებასა და კონფლიქტებზე საუბრისას. თომასის ლექციამ, რომელსაც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის...

ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ორშაბათი, 11 თებერვალი 2019
ჩვენ საქართველოს „დიდი კაცების“ გვწამს!

ქართველი ხალხი აღარც ერთმანეთს ენდობა და აღარც მათი ინტერესების წარმომადგენლებს (პოლიტიკური პარტიები და არასამთავრებო ორგანიზაციები საქართველოში ყველაზე არასანდო ინსტიტუციებად ითვლებიან),...

ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

ორშაბათი, 24 ივნისი 2019
ნებისემიერი კრიზისი - ახალი შესაძლებლობაა

გასული კვირის საპროტესტო აქციებმა შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეცვალოს, ამავდროულად ქვეყანა მეტად კონკურენტუნარიანი გახადოს და აარიდოს თავიდან...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form