იოცნებე, მაგრამ არც საქმე დაგავიწყდეს!

იოცნებე, მაგრამ არც საქმე დაგავიწყდეს!

რეიტინგი: 0 / 5

ვარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურიავარსკვლავი არააქტიურია
 

ადამ სმიტის უხილავი ხელი ყოველთვის არ მუშაობს ისეთი რთული საკოორდინაციო ამოცანების შემთხვევაში, როგორიც წყალტუბოს რესტავრაციაა. როგორც მთელი საბჭოთა კავშირის სპა ტურიზმის გიგანტურმა ცენტრმა, წყალტუბომ ხელისუფლების ყურადღება მიიქცია და მიიღო მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული ინვესტიცია. თუმცა ქუთაისთან მდებარე ამ „მძინარე მზეთუნახავის“ ახალი ცხოვრებისთვის გამოსაღვიძებლად მეტის გაკეთებაა საჭირო.

ნაწილი I: ოცნება

„არასდროს მომწონდა მიშიკო [სააკაშვილი] იმის გამო თუ როგორ ექცეოდა ხალხს“, მიყვება თამუნა მეუნარგია, „მაგრამ მან იცოდა როგორ ეოცნება“. ჩვენ ვსხედვართ „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტ“-ის შიდა ეზოში გვიანი შემოდგომის უჩვეულოდ თბილ დღეს. თამუნა სანატორიუმის მფლობელების, რეზო და ანდრო ჯიშკარიანების, ბავშვობის მეგობარია. კლასიკური „ქალაქელი გოგო“, რომელიც წყალტუბოში ორი თვის წინ გადმოვიდა სასტუმროს გასაძღოლად.

ეს სასტუმრო ერთადერთი ყოფილი „სანატორიუმია“, რომელიც ფუნქციონირებს წყალტუბოში - ოდესღაც მთელი საბჭოთა კავშირის სპა ტურიზმის ხმაურიანი ცენტრი, ახლა კი „მძინარე მზეთუნახავი“ ქუთაისის მახლობლად. მე აქ შაბათ-კვირას ვატარებ კოლეგების ჯგუფთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტიდან. ჩვენ გარდა სასტუმროში მხოლოდ რუსულად მოსაუბრე ოჯახები და ყაზახი ტურისტები არიან, რომლებიც ტკბებიან წყალტუბოს რადონით მდიდარი წყლითა და ულამაზესი შემოდგომის ფერებით. თუმცა სეზონის პიკი ახლახან დასრულდა და წყალტუბო ზამთრის ხანგრძლივი ძილისთვის ემზადება.

წარსულში სამხედრო სანატორიუმად ცნობილი ეს სასტუმრო საბჭოთა ეპოქის ერთადერთი სანატორიუმია წყალტუბოში(23-დან), რომელიც არ იქნა დასახლებული - და გაძარცვული - აფხაზეთიდან დევნილი ქართველების მიერ ადრეულ 1990-იან წლებში. რეზომ და ანდრომ ეს ადგილი 2009 წელს შეიძინეს, მას შემდეგ რაც მოისმინეს მიშიკოს გეგმები წყალტუბოს ლას ვეგასისა და ბადენ-ბადენის ჰიბრიდ კურორტად ქცევის შესახებ.

მიშიკო ოცნებობდა: წყალტუბოს თავისი ძველი დიდება უნდა დაბრუნებოდა. ყოველდღიური მატარებლით მოსკოვიდან ჩამოსული ტანსრული საბჭოთა ბიუროკრატების სახსრების მკურნალობის ნაცვლად ახლა წყალტუბოს ოფშორულ ზონად ქცევა იგეგმებოდა, რომელიც მთელი (მუსლიმური) მსოფლიოდან მოიზიდავდა აზარტულ მოთამაშეებს.

სააკაშვილის ადმინისტრაციამ შესწორებები შეიტანა საქართველოს კანონში სათამაშო ბიზნესის შესახებ და გარკვეულ ადგილებში, მათ შორის წყალტუბოში, მდებარე კაზინოები სალიცენზიო გადასახადისგან გაათავისუფლა. ეს სერიოზული წამახალისებელი ფაქტორი უნდა ყოფილიყო იმის გავითვალისწინებით, რომ თბილისში სალიცენზიო გადასახადი 3 მილიონ ლარს შეადგენს ხოლო სხვა ადგილებში 1 მილიონს. მალევე შეიქმნა 78 ჰექტარ ფართობზე გაშენებული პარკებისა და საზოგადოებრივი რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციის გეგმა; სადრენაჟო, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების შეკეთება; საბჭოთა ეპოქის 22 სანატორიუმში დასახლებული ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის განსახლება(კანონიერად) და ამ სანატორიუმების პრივატიზაცია; და წყალტუბოს გამაჯანსაღებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის კრიტიკული ნაწილის  - ცხრა მინერალური წყაროს - რესტავრაციითა და ოპერირებით დაინტერესებული კერძო ინვესტორების მოზიდვა. ადამ სმიტის უხილავი ხელი იზრუნებდა ყველაფერ დანარჩენზე - სავაჭრო ცენტრი, რესტორნები და კაფეები, ღამის კლუბები და სილამაზის სალონები, სპორტული ინფრასტრუქტურა.

რეზო და ანდრო ჯიშკარიანებს სურდათ პირველი მოსახლის უპირატესობის მოპოვება წყალტუბოს ოქროს ციებ-ცხელების პოტენციალის პირობებში და სასწრაფოდ შეიძინეს წყალტუბოში საუკეთესო ობიექტი, 500 საწოლიანი, 16 ჰექტარზე გაშენებული სამხედრო სანატორიუმი. სხვა ინვესტორებიც მიჰყვნენ მათ მაგალითს. ზვიად ზვიადაძემ შეიძინა „შახტიორი“, ყველაზე დიდი სანატორიუმი წყალტუბოში, ოდესღაც სტალინისტური არქიტექტურის მარგალიტი; ბადრი კაკაბაძემ შეისყიდა და მთლიანად აღადგინა მინერალური წყაროები #1 და 2. ხოლო სხვა კერძო ინვესტორთა ჯგუფის წყალობით ასევე ფუნქციონირებს მინერალური წყაროები #6 და 9.

F823F7FA-B799-4634-AB74-7CAC639E4D22 (1).jpg

სტალინისტური არქიტექტურის მაგალითი, წყალტუბოს წყარო #6 მთლიანად აღადგინა მისმა ახალმა მფლობელმა და ამჟამად ასობით ვიზიტორს შეუძლია სპა და მინერალური წყლის თერაპიის სრული ასორტიმენტის მიღება.

ნაწილი II. რეალობა

სააკაშვილის თავდაპირველი ოცნების დიდი ნაწილი განხორციელდა, თუმცა მნიშვნელოვანი დაგვიანებით. წყალტუბოს დეპუტატმა ალეკო დადუნაშვილმა მომცა უკანსაკნელი მიღწევების გრძელი სია, პარასკევს ნაშუადღევს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეხვედრისას

წყალტუბოს მოძველებული ინფრასტრუქტურის მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო. დღემდე ჯამში 12 ფართომასშტაბიანი პროექტი განხორციელდა ახალი სადრენაჟო არხების შექმნის, ცენტრალური პარკის გამწვანებისა და სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების აღდგენის ჩათვლით. ყველა ქუჩაზე, ისევე როგორც წყალტუბოსა და ქუთაისის შემაერთებელ მთავარ გზაზე ხელახლა დაიგო ასფალტი და დამონტაჟდა გარე განათებები. და, რა თქმა უნდა, 2012 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გახსნამ წყალტუბო უფრო ხელსაყრელი ადგილი გახადა ევროპელ ტურისტთა მზარდი რაოდენობისთვის.

საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების საერთო რაოდენობის ზრდამ დროთა განმავლობაში იმ ტურისტების რიცხვის მატება გამოიწვია, რომლებიც წყალტუბოში რჩებოდნენ. წყალტუბოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი გაიზარდა 12,000-დან 2014 და 2015 წლებში 18,000-მდე 2017-ში და 19,000-მდე 2018 წლის პირველ 9 თვეში. მუნიციპალიტეტში სულ 11 ახალი სასტუმრო ფუნქციონირებს, თუ არ ჩავთვლით კერძო საოჯახო ტიპის სასტუმროებს. ალეკოს მიახლოებითი ვარაუდით, წყალტუბოში მცხოვრები 5,658 ოჯახიდან სულ მცირე 1/3 იღებს შემოსავალს ტურიზმისა და მომსახურების სფეროებში დასაქმებით.

და ეს ყველაფერი ავსებს ჭიქის მხოლოდ ნახევარს.

მეორე მხრივ, წყალტუბოს საბჭოთა ეპოქის 23 სანატორიუმიდან 16-ს ჯერ კიდევ იძულებით გადაადგილებული პირები იკავებენ. ეს არც თავად ამ ადამიანებისთვისაა კარგი და არც ადგილობრივი ტურისტული ინდუსტრიისთვის.

კიდევ ერთი საკითხია ადგილობრივი გასართობი ადგილების სიმცირე, სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი დიდი ხნით დარჩენილი ტურისტებისთვის. კაზინოები არსად ჩანს, რაც შესაძლოა არც იყოს დიდი პრობლემა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებს ცოტა გასართობი აქვთ მზის ჩასვლის შემდეგ. მუნიციპალიტეტი ცდილობს მუსიკალური წარმოდგენების დაფინანსებას სეზონის პიკის პერიოდში, მაგრამ ძალიან მცირეა კერძო სექტორის ჩართულობა მუსიკის, ცეკვის, თეატრის, კულტურული ღონისძიებების, კვებისა და შოპინგის კუთხით.

ეს კლასიკური ქათმისა და კვერცხის პრობლემაა. დინამიური მომსახურების ინდუსტრიის სიმწირე აკნინებს წყალტუბოს უნიკალური ღირებულების შეთავაზებას, განსაკუთრებით ნაკლებად აქტიური სეზონის პერიოდში. და რადგან სეზონის პიკი არც ძალიან აქტიურია და არც ხანგრძლივი(მხოლოდ 4-5 თვე), კერძო ბიზნესები მომსახურების ინდუსტრიაში ინვესტირების შემთხვევაში მოგებას მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ნახულობენ. ეს გამოუვალი მდგომარეობაა.

20181027_164925 (1).jpg

„ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ ამაჟამად  თავისი მაქსიმალური პოტენციალის დაახლოებით 50%-ს იყენებს. მისი სამი მთავარი შენობიდან ერთ-ერთს ჯერ კიდევ არ ჩატარებია რეაბილიტაცია.

ნაწილი III. გაკვეთილები

წყალტუბოს მომსახურების ინდუსტრიის ადრეული ინვესტორები, როგორებიც არიან ძმები ჯიშკარიანები, შესაძლოა უკვე ხედავენ სინათლეს გვირაბის ბოლოს, მაგრამ იქამდე გზა მაინც ძალიან გრძელია. მიშიკოს გამდიდრების გეგმის განხორციელებას კიდევ ბევრი დრო დასჭირდება, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის მხრიდან უწყვეტი საკოორდინაციო ძალისხმევის ნაკლებობას. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ინვესტიცია წყალტუბოს ინფრასტრუქტურაში უსიტყვოდ აუცილებელი პირობა იყო ადამ სმიტის უხილავი ხელისთვის, რათა თავისი საქმე შეესრულებინა. მაგრამ ის ნამდვილად არ არის საკმარისი პირობა.

სანამ წყალტუბოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გარკვეულ ნიშნულს ქვემოთ რჩება - განსაკუთრებით არააქტიური სეზონის პერიოდში - კერძო სექტორი არ ჩაერთვება თანამედროვე მომსახურების სერვისების მიწოდების საქმეში. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მცირე ბიუჯეტი და ადამიანური რესურსები კი არ იქნება საკმარისი ამ სიტუაციის გამოსასწორებლად.

წყალტუბოში უდიდესი მომსახურების ოპერატორებიც კი, როგორიცაა „ლეგენდს სპა რეზორტი“ ან 4-ვარსკვლავიანი „წყალტუბო პალასი“, ვერ შეძლებენ საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის არსებულ საკითხებთან გამკლავებას. მათ ამჟამად ისეთი კერძო ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების საჭიროება აწუხებთ, როგორიცაა დარჩენილი საბჭოთა ეპოქის შენობების განახლება ან ახალი სპას, რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ზონების აშენება.

კერძო პირებს არც სურვილი და არც შესაძლებლობა არ აქვთ ინვესტიცია ჩადონ წყალტუბოს სპა ტურიზმის მთავარ ცენტრად ქცევის მარკეტინგში. ამ მარკეტინგის სამიზნე საქართველოს ისეთი ტრადიციულ ბაზრებია, როგორიცაა ყაზახეთი. საქართველოსა და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია საზოგადოებრივი საქონლის ნიშნებით ხასიათდება. კერძო პირებს აქვთ სხვის ხარჯზე ყოფნის ინტერესი და აქედან გამომდინარე, ერთობლივი მარკეტინგული ძალისხმევის კოორდინატორის ფუნქცია სახელმწიფოს ეკისრება.

*     *    *

ბორჯომის, საირმისა და წყალტუბოს მსგავს ადგილებში სპა ტურიზმი საქართველოს საუკეთესო საშუალებაა შეარბილოს სეზონური ცვალებადობა ტურიზმის სფეროში. საჭიროა კიდევ ერთი დიდი ოცნება, ისევე როგორც საჯარო და კერძო სექტორის ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო მარკეტინგში ინვესტიციის კოორდინაციისკენ მიმართული უწყვეტი ძალისხმევა.

ამ კვირაში ჩვენი სადღეგრძელო ეძღვნება ოცნებას, მაგრამ მასთან ერთად საქმის არდავიწყებას.

 

ძებნა

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form

ყველაზე პოპულარული ბლოგები ვაჭრობასა და სამრეწველო პოლიტიკაზე

ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

ოთხშაბათი, 26 ივნისი 2019
 ქართული ღვინის ბაზარი: რუსული ემბარგოს შედეგები

რუსეთს ეკონომიკური ბერკეტი აქვს საქართველოზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ექსპორტის საერთო მოცულობამ  დაახლოებით 15% შეადგინა. არათანაზომიერი იყო საექსპორტო საქონლის რაოდენობა....

სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

ორშაბათი, 10 ივნისი 2019
სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქარხანა?

საქართველო თავისი სილამაზითა და ტრადიციული სტუმართმოყვარეობით, "ბუნებრივად აღმოცენებულ", ტურისტული დანიშნულების ადგილად იქცა. თუმცა პროდუქციის წარმოების გარეშე შესაძლოა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა...

ეს რუსეთია, სულელო!

ორშაბათი, 21 იანვარი 2019
ეს რუსეთია, სულელო!

2018 წლის მესამე კვარტალში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის სალდომ დადებითი მნიშვნელობა მიიღო. შესაძლოა ეს ფაქტი აღვიქვათ როგორც...

კონტაქტი

 

თბილისი, საქართველო
ელ. ფოსტა: advisors@tbilinomics.com

საინფორმაციო გზავნილი

გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი საქართველოს განვითარებაზე
ორიგინალური შეხედულებების გასაცნობად

Please enable the javascript to submit this form